ანდრია გვიდიანი: ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია

ანდრია გვიდიანი: ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ენერგოგამანაწილებელი კომპანიებისთვის განახლებული ტარიფები დაადგინა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო დაასუბსიდირებს ტარიფებს შორის სხვაობას იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს წყალმომარაგების ტარიფის სხვაობის დაკომპენსირებას თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სოციალურად დაუცველებისთვის. საკითხთან დაკავშირებით, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი მიიჩნევს, რომ ტარიფების სუბსიდირების გადაწყვეტილება დროულია, რაც მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის, ისე ენერგოკომპანიების ინტერესებისთვის.

"პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მარეგულირებელმა კომისიამ ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ენერგოკომაპნიებს გამართულად მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მარეგულირებელი კომისია ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ენერგოკომპანიები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ და ისინი ვერ შეძლებდნენ საიმედოდ ფუნქციონირების გაგრძელებას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, რაც მთავრობის პრეროგატივაა. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო ტარიფების სუბსიდირების გადაწყვეტილება იმ ჯგუფებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ტარიფის სუბსიდირება მოსახლეობას და ენერგოკომპანიების ინტერესებს შორის არსებული ოქროს შუალედია. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის ფონზე, მოსახლეობისთვის ტვირთის შემსუბუქების თვალსაზრისით, ხელისფულება ადეკვატურად რეაგირებს და დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამ რეაგირებათა ჯაჭვის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.