ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადასვლის შემდეგ, რაც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებას, საქსტატი ამჯერად სამუშაო ძალის სტატისტიკაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ სტანდარტებზე გადადის. ამით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხდება მეოთხე ქვეყანა ბალტიის ქვეყნების შემდეგ ასეთი მაღალი ვალიდაციით, რაც არა მხოლოდ მოაწესრიგებს შრომის ბაზარს, არამედ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასაც გაზრდის, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა აღნიშნა, რომ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაასწორებს დასაქმების სტატისტიკას და მიუსადაგებს არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ასევე ასახავს ქვეყანაში თვითდასაქმებულების და უმუშევრობის რეალურ სურათსაც.
აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდოლოგით თვითდასაქმებულებად აღარ ჩაითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ საკუთარი მოხმარებისათვის, და გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ.
„გაზაფხულზე პირველი ლოკდაუნისას, ოპოზიციის მხრიდან არაერთი სპეკულაცია მოვისმინეთ ვითომდა თვითდასაქმებულები პირებისათვის არაადექვატურ ფინანსურ დახმარებაზე, მათი ნაწილის ბედის ანაბარად მიტოვებაზე და ფაქტიურად შიმშილისათვის გაწირვაზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ახალი მეთოდოლოგიით, არა მხოლოდ გასწორდა 2012 -2019 წლების სტატისტიკური მონაცემები, არამედ უკვე მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შეფასებისას დასაქმების მაჩვენებელი კორელირებულია, საგაზაფხულო ლოკდაუნის შედეგად, პანდემიური პერიოდის გამოწვევებთან, რაც გაზრდილ უმუშევრობაშია ასახული,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისი ინფორმაციით, ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა.
„შემთხვევითი არ არის, რომ სამთავრობო ახალი ოთპუნქტიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებადაც სწორედ უმუშევრობის შემცირებაა მიჩნეული. ახალი მეთოდოლოგია არა მხოლოდ ასწორებს არსებულ ხარვეზებს, არამედ მომავალში ყველანაირ სპეკულაციის ნიადაგსაც აცლის. ამ ახალი მეთოდოლოგიითაც დადასტურდა ის თვალსაჩინო პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო რვა წელიწადში განიცადა, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კერძოდ, თუ ძველი სტანდარტით მიიჩნეოდა, რომ 2019 წელს 2012 წელთან შედარებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილი იყო მხოლოდ 31 000-ით, რაზეც ოპოზიცია ხშირად აპელირებდა, ახალი სტანდარტით აღმოჩნდა რომ ზრდა არის თითქმის 3-ჯერ მეტი და 84 000 ათასი ადამიანს შეადგენს, ხოლო თუ უმუშევართა რაოდენობა ძველი სტანდარტით შემცირებული იყო 124 000-ით, ახალი სტანდარტით შემცირებულია 166 000 კაცით ანუ 42 ათასით,“ - განაცხადა ექსპერტმა.
გიორგი ცუცქირიძის თქმით, კიდევ უფრო თვალსაჩინოა მიღწეული პროგრესი შინამეურნეობებზე, გაანგარიშებით. „ახალი სტანდარტის მიხედვით აღმოჩნდა რომ: 2012 წელს ყოველ 100 ოჯახზე საშუალოდ მოდიოდა 40 უმუშევარი პირი, 2019 წელს ყოველ 100 ოჯახზე მხოლოდ 25 უმუშევარი მოდის. კიდევ ერთი, მორიგი მითი დაიმსხვრა კატასტროფულად გაზრდილ უმუშევრობაზე და მოსალოდნელ ეკონომიკურ კოლაფსზე,“ - აღნიშნა ექსპერტმა.