დავით ბაქრაძე: აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ეკონომიკურ, დემოკრატიულ რეფორმებს მოხმარდება

დავით ბაქრაძე: აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და ეკონომიკურ, დემოკრატიულ რეფორმებს მოხმარდება

თანხა, რომელიც აშშ-მა საქართველოსთვის გამოყო, რეკორდულია. ეს თანხა მოხმარდება როგორც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ისე - ეკონომიკურ, დემოკრატიულ რეფორმებს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, 50 მილიონით გაიზარდა ყოველწლიური ბიუჯეტი. წელსაც, განმეორებულია სახელმწიფო მდივნის მიმართ მოთხოვნა, რომ შეადგინოს მოხსენება ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ამერიკის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები.