როგორც წლების შემდეგ ბერლინის კედელი დაიშალა, ისე აღარ იარსებებს მავთულხლართები. ვფიქრობ, რომ უფრო მალე ვიდრე სხვა პროგრესული მოვლენები, რომელსაც უახლოეს ისტორიაში ჰქონდა ადგილი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკიმ სოფელ ფახულანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.
„ეს არის უმძიმესი დანაშაულებრივი შეცდომა, თუ არა დანაშაული ყოველგვარი შეცდომის გარეშე, თუ არა კონსპირაცია, რაც მოხდა 2008 წელს. უმძიმესი ბრალდებები ისმოდა, ისმის და ამ ბრალდებებს აქვს საფუძველი, თუ რატომ არ გაყვა სააკაშვილის ხელისუფლება, ჩვენი დასავლელი პარტნიორების საგზაო რუკას, სამოქმედო სტრატეგიას და შედეგს ჩვენ ყოველდღე ვიმკით, მათ შორის მავთულხლართების გაბმით, ხალხის გატაცებებით, რაც არის ოკუპაციის ესეთი მძიმე, ბოროტი სახე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ რთულ ვითარებას და დარწმუნებული ვარ, რომ არავის, არც დღევანდელ თაობაში და არც მომავალ თაობაში ექნება განცდა, რომ ეს ტერიტორია დაკარგულია ან ოკუპანტმა თავისი სტრატეგიული სამხედრო ინტერესები გაატაროს ამ რეგიონში. როცა აქვთ შესაძლებლობა მაშინ განაახლებენ. როდესაც სერიოზული ბრალდებებია ჩვენი მხრიდან “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, სწორედ მაშინ ხდება მაშველი რგოლის გადმოგდება საოკუპაციო ძალის მიერ”, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე, დაამონტაჟეს ახალი კონსტრუქციები.
საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.