დავით ბაქრაძე: ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ, აშშ-ისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას დაკარგავენ

დავით ბაქრაძე: ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ, აშშ-ისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას დაკარგავენ

სახელმწიფოები, რომლებიც შეუერთდებიან რამდენიმე სახელმწიფოს, ვენესუელას, რუსეთს, სირიას, ნიკარაგუასა და გადადგამენ ამ ნაბიჯს, ძალიან ძლიერ პარტნიორს, ძლიერ მხარდამჭერს დაკარგავენ. ეს მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს არ შეეხება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

„აშშ შეუწყვეტს ფინანსურ მხარდაჭერას იმ მთავრობებს, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მაგრამ ასევე, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებშიც, სადაც აშშ-ის ხმა ძალიან ძლიერად ისმის, ყოველთვის წინააღმდეგ მისცემენ ხმას იმ სახელმწიფოთა ფინანსურ დახმარებას, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა. საბიუჯეტო კანონში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. კერძოდ, ხაზგასმულია, რომ ამერიკის საბიუჯეტო თანხები არ უნდა დაიხარჯოს არც ერთი ქვეყნის დასაფინანსებლად, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები.