უახლოეს თვეებში პარლამენტი იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში როგორც ის საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უახლოეს დღეებში უკვე მოხდება გარდატეხა და ოპოზიცია დაიწყებს მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვიცი, ეს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ძალიან ეწყინება, მაგრამ საბედნიეროდ ოპოზიციას ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანსა და სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი სწორედ ეს არის, რომ ამის გარშემო გავერთიანდეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიცია ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, თუმცა არის მოლოდინი, რომ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე პარტია შევა. „უახლოეს დღეებში ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მოლაპარაკებებით და პოლიტიკური დიალოგის საშუალებით, მათ შორის არ გამოვრიცხავ რომ გაგრძელდეს ინდივიდუალური კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რომ უკვე ახალი წლიდან ჩვენ შევძლოთ ახალი წლიდან პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ეს არაა მხოლოდ იმედები და მოლოდინები. „მე მაქვს კონკრეტული საფუძვლები, რომ ეს არგუმენტები გაგიზიაროთ. ოპოზიცია აცხადებდა, რომ არ შევა პარლამენტში, რადგან არჩევნები გაყალბდა და აქ არის პარალელური დათვლის შედეგები, სადამკვირვებლო ანგარიშები, რაც იგივეს ადასტურებს. დღეს ისინი ამას ვეღარ ამბობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს პარტიაში არიან ადამიანები ვინც იცნობენ საარჩევნო კანონმდებლობას, კარგად იციან მათემატიკა და აქვთ სამართლიანობის შეგრძნება. ჩვენ შევძელით, რომ უსამართლობა რომელიც დავინახეთ გამოვიკვლიეთ ბოლომდე, ეს მივიტანეთ პარტნიორებთან და ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი არგუმენტი გაბათილდა“, - აღნიშნა თალაკვაძემ.