საიდან იცოდა ეს კობახიძემ, როცა ელჩებთან ბაქი-ბუქობდა, ცოტა სასაცილოდ მოძველბიჭო ტონით გვესაუბრებოდა - თუ გინდა გადავითვალოთ ძმაო და თუ 1% განსხვავება იქნება, არჩევნები ჩავატაროთო? ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ი ჩართული ჰყავს და უკანონოდ უსმენს,- ამის შესახებ ISFED –თან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ISFED-ი არასდროს ყოფილა ოპოზიციისთვის „ამოსავალი წერტილი, არამედ ამოსავალი წერტილი იყო ის უამრავი დარღვევა, რომელმაც სასამართლომ თავზე გადაგვახია და არ განიხილა“.
„რას გაარკვევენ ერთმანეთში ISFED-ი და ხელისუფლება, ამით ოპოზიციის დღის წესრიგში აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ჩვენ არასდროს დავყრდნობივართ ISFED-ს, ჩვენ გვქონდა ჩვენი უამრავი მონაცემი,იყო სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემები, რომლებიც სასამართლომ პირდაპირ თავზე გადაგვახია, არც განიხილა. საერთაშორისო გამჭვირვალობის 200 საჩივარი იყო, რომლიდანაც 6-ის გადათვლა მოხდა და 5 აქედან ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გაყალბება იყო ამორჩეული, დანარჩენი 294 საჩივარი უბრალოდ მოისროლეს. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ ISFED-ზე და იმ რაღაც მანიპულაციებზე თუ გაუგებრობებზე, რომელიც ამ ორგანიზაციაში მოხდა, მანდ ერთადერთი ლეგიტიმური შეკითხვა არის საიდან იცოდა ამ ღლაპმა, ანუ კობახიძემ, როცა იქ ელჩებთან ბაქი-ბუქობდა და ცოტა სასაცილოდ მოძველბიჭო ტონით გვესაუბრებოდა, რომ ახლა თუ გინდა გადავითვალოთ ძმაო და თუ 1% განსხვავება იქნება, არჩევნები ჩავატაროთ. წინასწარ იცოდნენ რაღაც, ან მანიპულაცია მოახდინეს, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ სუს-ი ჩართული ჰყავს, უკანონოდ უსმენს და უკანონოდ შეღწევა ხდება კომპიუტერებში, რაღაც ინფორმაციები ან აიღეს, ან მანიპულაცია გააკეთეს და იმდენი ჭკუაც არ ეყოთ, რომ წინმსწრებით არ ელაპარაკათ,“- განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, ისევე როგორც დღის წერიგში არ არის არჩევნების შედეგების გადათვლა და შექმნილი რეალობა ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს.
„დამთავრებულია ეგ თემა, ვეღარაფერი ვეღარ გადაითვლება უკვე 3 თვე გავიდა, ახლა დგას საკითხი ან ვიღებთ ამ არჩევნებს და ვიღაცები ყურით შეეთრევიან და დაჯდებიან იქ, ან იქნება ახალი არჩევნები. ფაქტი არის ერთი, რომ ერთი თვეა კობახიძე ჩვენ გვეძველბიჭება და იძახის, აგერ ახლა შემოვლენ ბიჭები, სად წავლენ და ფაქტია ისიც, რომ მან ნიძლავიც კი წააგო ჩემთან. ფაქტია ის, რომ ახლა არის ახალი რეალობა, ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან შესვლის თემა აღარ დგას.
არჩილი და თავის ვირი, ხომ იცით, რომ მიჰყავს რაღაც მიმართულებით, თქმულებაა თუ იგავ-არაკი, სანამ ეს დამოკიდებულება ექნება ღლაპს და ბრიყვს - კობახიძეს, სანამ ხელისუფლება ჩაბარებულია ამ აბსოლუტურ ავადმყოფზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს საჭიროებს - გაკოჭვას, შებოჭვას კი არა გაკოჭვას, ეს კაცი უნდა გაკოჭო, ავად არის, საცოდავია და მის ხელშია დღეს მთელი საკანონმდებლო ორგანო,დე ფაქტო თავმჯდომარე ეგ არის, თალაკვაძე კი არა, “- განაცხადა უგულავამ.