შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ ISFED-ის გამგეობა ცდილობს საკითხში გარკვევას

შალვა პაპუაშვილი: მისასალმებელია, რომ ISFED-ის გამგეობა ცდილობს საკითხში გარკვევას

„მისასალმებელია, რომ ISFED-ის გამგეობა ჩაერთო და ცდილობს საკითხში გარკვევას. თუმცა, დღეს რაც მოვისმინეთ, ეს არ არის საკმარისი და კვლავ დატოვა/გააჩინა კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემის გარეშე, ISFED-ის რეპუტაციის გამოსწორება რთული იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი Facebook-ზე წერს.

„მთავარი - გვერდს ნუ უვლით თარიღებს. „ნოემბრის დასაწყისი“, „ნოემბრის ბოლო“ არ არის საკმარისი პასუხი. ყოფილმა თავმჯდომარემ ყველა ინტერვიუში და დღესაც გვერდი აუარა თარიღების დასახელებას. არადა, ზოგ საკითხში, თარიღი გადამწყვეტია. ასე, რომ, ახლა უკვე, სამართლიანი არჩევნები (ISFED) გამგეობისგან მოველი, რომ დაასახელებენ კონკრეტულ თარიღებს: რომელ რიცხვში დაუკავშირდა ეუთო/ოდირის ექსპერტი?

რომელ რიცხვში დაიწყო აუდიტი?

რომელ რიცხვში მიხვდა თავმჯდომარე, რომ პროგრამაში იყო ბათილი ბიულეტენების მითვლის ხარვეზი? და ბოლოს, მადლობელი ვიქნები, თუ ახლა უკვე ISFED-ის გამგეობა აღარ გაიმეორებს „იქნებოდეს იქნება მიდგომას", თითქოს ხარვეზი ვინმეს მიყურადებით აღმოვაჩინეთ. ნუ შეუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას (ბოლო-ბოლო, თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს საზოგადოების დეზინფორმაციისგან დაცვის პროექტს) პატივი ეცით თქვენს, ჩვენს და საზოგადოების ინტელექტს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.