გიორგი ვაშაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ავტორიტეტულმა ორგანიზაცია ISFED-მა შეცდომა დაუშვა, თუმცა პასუხისმგებლობას არ გაექცა

გიორგი ვაშაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ავტორიტეტულმა ორგანიზაცია ISFED-მა შეცდომა დაუშვა, თუმცა პასუხისმგებლობას არ გაექცა

დღევანდელ ბრიფინგზე ამომწურავად ითქვა, თუ რა შეცდომა დაუშვა „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED). ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ასეთი შეცდომა დაუშვა, - ეს განცხადება ტვ. „პირველის ეთერში“ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ ეს შეცდომა დაგვიანებით გამჟღავნდა. „თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას ISFED-ი არ გაურბის და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გადადგა თანამდებობიდან“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას“, სურს ყველაფერი შეთქმულების თეორიებს დაუკავშიროს. „რევოლუციას ეძებენ, რაღაც მცდელობები აქვთ. საზოგადოებისთვის ახალი არაა, როცა საბურავების მობილიზებაზე საუბრობდნენ, ახლა კი ISFED-თან რევოლუციურ შეთანხმებაზე. სამწუხაროა და საგანგაშო მათი განცხადებები, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ვერაფრის დამტკიცებას შეძლებენ და ვერც ვერაფრის გამოძიებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.