მოულოდნელი არაა და წინასწარაც ცნობილი იყო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების რჩევა ინსტიტუტების ბოლომდე გამოყენება იქნებოდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ინსტიტუტები უკვე იმ დონეზეა გაუქმებული, არსებული ფორმალური ინსტიტუტების გამოყენების მცდელობები ქვეყანას მხოლოდ დროს დააკარგვინებს და პირიქით, კრიზისს უფრო გააღრმავებს, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომ გამოიყენონ საპარლამენტო მანდატები.
„ყველა სხვა შეფასება, რაც მე წავიკითხე, ქართული საზოგადოების აზრს ემთხვევა. მე როგორც გავიგე, ელჩის განცხადებაში მთავარი გზავნილია, რომ კრიზისი არჩევნების შედეგადაა შექმნილი, იმის გამო, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები. ეს დიდი პრობლემაა. პრობლემა იმაში კი არაა, ვინ როგორ უყურებს რომელიმე ტაქტიკურ ნაბიჯს, თუნდაც მნიშვნელოვანს, პრობლემის ძირი არის ის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს რწმენა დაეკარგა არჩევნების მიმართ. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალია ნორმალური, ვადამდელი არჩევნები“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა: „საჭიროა ყველა ქართველი დეპუტატი პარლამენტში იყოს, რათა სასურველი ცვლილებებისთვის იბრძოლონ“.