ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია ვიღაცას შემთხვევით შეეშალოს და ფორმულაში მიათვალოს ბათილი ბიულეტენები და იცით, თითქმის 2 მილიონამდე ბიულეტენზეა საუბარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაშვებულ ხარვეზზე საუბრისას განაცხადა.
„შემთხვევით მიათვალა ბიულეტენები და რა აღმოჩნდა იცით? ნაცვლად, დაახლოებით 110-120 ათასი ხმისა, თურმე ყველა იმ პარტიას, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, ერთად მიუღია დაახლოებით 200 ათასამდე ხმა. 60-80 ათასს ხმაზეა საუბარი, რა შემთხვევით და რა შეცდომაზეა საუბარი? შეცდომას იმას არ იჯერებენ, რომ ვიღაცას ორიანი დაავიწყდა რომელიღაც ოქმში, თან „ქართულ ოცნებას“ დააკლო ამით და შემთხვევითობად უნდა დავიჯეროთ, რომ 60 ათასიდან 80 ათასს ხმამდე ვიღაცას შეეშალა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.