შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა" თავად უნდა გამოიკვლიოს, ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი, იყო შეცდომა თუ განზრახ ქმედება

„ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა" თავად უნდა გამოიკვლიოს საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი რამ გამოიწვია, ეს იყო შეცდომა თუ განზრახ ქმედება.

„ჩვენთვის მთავარია ორი რამ: პირველი, „სამართლიანმა არჩევნებმა" აღიარა, რომ პარალელური დათვლის ფორმულაში შეცდომა იყო დაშვებული. აქედან გამომდინარე შეასწორა ეს და დავინახეთ, რომ პარალელური დათვლა დაემთხვა ცესკო-ს დათვლას. მეორე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა" თავად გამოიკვლიოს არამხოლოდ ამ ცდომილების მიზეზი, არამედ მოტივი, ეს იყო შეცდომა, თუ განზრახვა. თავად ის ფაქტი, რომ „სამართლიან არჩევნებს“ დასჭირდა ამდენი დრო შეცდომა ეღიარებინა, ასევე, რომ შეცდომის შესახებ ნოემბრის ბოლოს იცოდნენ და 11 დეკემბრამდე არ ამბობდნენ, ეს გარემოებები ეჭვს იწვევს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ, რომ გამჭვირვალედ ჩართონ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და გამოიკვლიონ, რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას აღარ იკავებს.