ობიექტურ კრიტიკაზე მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როცა მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, უნდა გავიხსენოთ, რა ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს სირთულეებთან გამკლავება

ობიექტურ კრიტიკაზე მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როცა მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, უნდა გავიხსენოთ, რა ფასად უწევთ სასწრაფოს ექიმებს სირთულეებთან გამკლავება

სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევით უზრუნველსაყოფად მომავალ წელს მილიონნახევარი ლარია განსაზღვრული.

"მედპერსონალის საქმიანობის ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.

2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია მილიონ 200 ათას მოქალაქეს. სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული, მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გავიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება. დღეისთვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო, შესაბამისად, შემცირდა გამოძახების დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო საათი და 24 წუთი, რომელიც 20 წუთამდე არის შემცირებული. გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია.

2020 წელს გადაუდებელი დახმარების სამსახური სამინისტროს ქოლგის ქვეშ გაერთიანდა, ამავე წელს ერთად გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ცენტრს 140 ახალი ავტომობილი გადაეცა, გაიხსნა სასწრაფო დახმარების 26 ახალი ადმინისტრაციული შენობა, სამედიცინო პერსონალის ხელფასი და მომავალ წელს ასევე განსაზღვრულია მილიონნახევარი ლარი, რათა უზრუნველყოთ ჩვენი სამედიცინო პერსონალის სამედიცინო დაზღვევა“, - განაცხადა ტიკარაძემ.