იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეხუთე რაუნდი გაიმართება, თუმცა მნიშვნელოვანია რომ მხარეები ამ მეხუთე რაუნდს სერიოზულად მიუდგნენ და მომზადებულები მივიდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე საუბრისას განაცხადა.
„ყველა მოსაზრება გაცვლილია, ყველა შეთავაზება გაკეთებულია, ახლა დროა, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ჩვენთან ერთად თამამი გადაწყვეტილება მიიღონ. ამ თვენახევრის განმავლობაში ვნახეთ, რომ ყველა, როგორც საქართველოს მოსახლეობა, ისე ჩვენი უცხოელი კოლეგებიც დარწმუნდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები შედგა, მის შედეგებზე აისახა ჩვენი მოქალაქეების ნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნება ყველამ გააცნობიეროს, ეს პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და ამ პასუხისმგებლობით შემდეგი ოთხი წელი საკუთარ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეებს ემსახუროს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი, - შეთანხმება არჩევნების გარეშე. მოლაპარაკებების შუამავალმა ელჩმა მხარეებს განუცხადა, რომ უნდა გადაწყვიტონ, როგორ მიაღწიონ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხუთე რაუნდი ეფექტური ვერ იქნება.