თენგიზ ცერცვაძე: არსებული შეზღუდვების მთლიანად ან ნაწილობრივი მოხსნა ინფიცირების მაჩვენებლის მატების რისკს გაზრდის

თენგიზ ცერცვაძე: არსებული შეზღუდვების მთლიანად ან ნაწილობრივი მოხსნა ინფიცირების მაჩვენებლის მატების რისკს გაზრდის

24 დეკემბერს, არსებული შეზღუდვების მთლიანი ან ნაწილობრივი მოხსნა ინფიცირების მაჩვენებლის რისკს გაზრდის, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

„მთავრობამ უნდა აირჩიოს ცუდსა და უარესს შორის. ძნელია. პირადად ჩემი, როგორც ექსპერტის აზრი ასეთია: ყველაფრის გათვალისწინებით, მე მაინც შევარბილებდი ამ შეზღუდვებს, ნაწილობრივ მოვხსნიდი, მაგრამ, პარალელურად, გავამკაცრებდი დარჩენილ შეზღუდვებზე შესრულების კონტროლს. შეზღუდვებმა იმოქმედა და შემცირდა ინფექციის გადაცემა, მაგრამ თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს, ნაწილობრივ, იმის გამოა, რომ კვირა იყო და მხოლოდ 5 000 ტესტი გაკეთდა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.