კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება, 70 % ით უფრო სწრაფა ვრცელდებოდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, COVID19 -ის წინააღმდეგ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს.
მარია ვან კერხოვის თქმით, სიტუაციის დეტალური ანალიზი და მონიტორინგი მიმდინარეობს, თუ როგორ ვრცელდება დიდი ბრიტანეთის ნაწილში ვირუსი, სადაც 17 მილიონზე მეტი ადამიანი ლოკდაუნის რეჟიმზეა.
„ზუსტად უნდა ვიცოდეთ რეპროდუქციული მაჩვენებელი - ერთ ადამიანს რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 1.1-დან რეპროდუქციული მაჩვენებელი 1.5 -მდე გაიზარდა.
აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას. დღეს ვიცით ისიც, რომ ფიზიკური დისტანცია და პირბადე ვირუსის ამ შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანია.
უნდა გავაგრძელოთ ყველა არსებული წესის დაცვა. მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, არ დაგვავიწყდეს დისტანციის დაცვა და მაქსიმალურად შევამციროთ რისკი. ეს უნდა გავაკეთოთ ყოველდღე. ვირუსი მუტაციას განიცდის და ვირუსი ხშირად იცვლება. ეს ახალი არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს დიდ ბრიტანეთთან.
გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ყველა წევრ ქვეყანასთან, რათა დავადგინოთ რასთან გვაქვს საქმე, რა სირთულეები შეიძლება წარმოიქმნას და რა ზომები უნდა მივიღოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინის ეფექტიანობაზე ახალ შტამს გავლენა არ ექნება, მაგრამ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დიდმა ბრიტანეთმა ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს მოგვაწოდა და მას შემდეგ მიმდინარეობს აქტიური მუშაობა“, - განაცხადა მარია ვან კერხოვმა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.