კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, დავით ზალკალიანს უსმენენ, პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო საზღვრების საკითხით და მისი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესით დაინტერესდა.
„ჩემი კითხვა საზღვრების დემარკაცია-დელიმატიის პროცესს შეეხება. თქვენ აღნიშნეთ, რომ გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მიმართულებით სავარაუდოდ საჭირო გახდება კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა. მაინტერესებს, რა სტადიაზე ვიმყოფებით აზერბაიჯანი-სომხეთი-რუსეთის მიმართულებით, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, როდესაც მივდივართ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები იურიდიულადაც დადგენილი იყოს და საჭიროა ეს პროცესი, რომელიც 20 წელზე მეტია გრძელდება, ოდესღაც დასრულდეს. თქვენ როგორ ხედავთ? დროის კუთხით რა პერსპექტივაში დასრულდება ეს მოლაპარაკებები და საზღვრების რამდენი პროცენტია შეთანხმებული, დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგვექმნას. გამომდინარე იმ განაცხადიდან, რაც პროგრამაში გავაკეთეთ, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ინდიკატორები ან შუალედური მიზნები გვქონდეს, რომ შევძლოთ შემდგომ გადამოწმება, რამდენად სწორად და დროულად მივდივართ ამ მიმართულებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.