ლევან იოსელიანი: კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება არის ორივე მხარისთვის მოწოდება, რომ შეთანხმება გულისხმობს კომპრომის და არ არის ულტიმატუმი

ლევან იოსელიანი: კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება არის ორივე მხარისთვის მოწოდება, რომ შეთანხმება გულისხმობს კომპრომის და არ არის ულტიმატუმი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება არის ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის მოწოდება, რომ შეთანხმება გულისხმობს კომპრომისს, შეთანხმება არ არის ულტიმატუმი და თუ ჩვენ გვინდა შეთანხმება, მაშინ ორივე მხარეს მოგვიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა.

„ბატონი ჰარცელის განცხადება ძალიან ეხმიანება იმ პოზიციას, რომელსაც ერთ კვირაზე მეტია, იცავს ჩვენი პარტია, პარტია „მოქალაქეები“ და ამ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია სამ რამეზე, პირველი, რომ მანდატების დაჭრა ეს იყო დიალოგისთვის კარის მოჯახუნება, მეორე, რომ მოლაპარაკება არის საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან და მესამე, რომ არ არის სწორი ხელისუფლების მიერ პარტიების დაშანტაჟება დაფინანსებით და რაღაც რეგისტრაციების გაუქმებით. ამ სამ რაღაცაზე გააკეთა ბატონმა ჰარცელმა აქცენტი. მიმაჩნია, რომ სამივე არის სწორი“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციას კონკრეტული შეთავაზება აქვს და ხელისუფლებასაც კონკრეტული შეთავაზება უნდა ჰქონდეს.

„ეს ორივე მხარისთვის არის მოწოდება. ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ შეთანხმება გულისხმობს კომპრომისს, შეთანხმება არ არის ულტიმატუმი და თუ ჩვენ გვინდა შეთანხმება, მაშინ ორივე მხარეს მოგვიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, კარლ ჰარცელის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპოზიციას დღეს აქვს შანსი, მიიღოს ქვეყნისთვის კარგი შეთანხმება.

„პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ვინმეს ქუჩის პროტესტის მოლოდინი აქვს ან უნდა, რომ ქუჩის პროტესტები იყოს, რაც სრულიად შეიძლება იყოს სამართლიანიც, ლეგიტიმურიც, არამედ აქ საუბარი სხვა რამეზეა. ეს ყველაფერი უნდა დავაანონსოთ შეთანხმების მიღწევამდე. თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ და „ქართული ოცნება“ მოგვიჯახუნებს კარს, ამის შემდეგ, აქ არის პრინციპული განსხვავებაა ჩვენსა და დანარჩენ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გამოვიტანოთ კარგი შეთანხმება. ჰარცელის განცხადებაში სწორედ ეს არის ნათქვამი, რომ ოპოზიციას დღეს აქვს შანსი მივიღოთ კარგი შეთანხმება, ოპოზიციისთვის კარგი კი არა, არამედ ამ ქვეყნისთვის კარგი საბოლოო ჯამში. ამიტომ, მგონია, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი პოლიტიკური ვიწრო ამბიციები უნდა გადავდოთ გვერდზე, ვკონცერტრირდეთ მოლაპარაკებაზე და მივიდეთ ისეთი განწყობით, რომ იქიდან გამოვიტანოთ ამ ქვეყნისთვის საუკეთესო შეთანხმება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ყველა მხარისთვის არსებობს იდეები და შესაძლებლობები, რომ იპოვონ საერთო საფუძველი.

„მე როგორც ფასილიტატორი, ამჟამად ვხედავ, რომ მხარეები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად რომ დაუახლოვდნენ. ეს ხდება იმ დროს, როდესაც დრო სწრაფად იწურება, კარი იწყებს დახურვას და ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, სიტუაცია სერიოზულია და შესაბამისად ჩემი მოწოდებაა ყველასთვის, გამოიყენონ ეს მომენტი, რომ დეტალურად იფიქრონ, თუ რის ხილვას ისურვებდნენ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად.როგორც ფასილიტატორები, მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა მხარეების მოთხოვნის შესაბამისად. ერთის მხრივ, მოხარული ვარ, რომ ყველა მხარე კვლავ მხარს უჭერს ერთმანეთთან მოლაპარაკებებს, თუმცა ყველა მხარემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბროს და როგორ მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა ჰარცელმა.