ბეწვის ხიდი, რომელიც კორონავირუსის უკონტროლო გავრცელებასა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებას შორის გადის, ხელისუფლებისათვის არის უმთავრესი ამოცანა, რადგან ახლა თუ სწორად გავიარეთ ამ ბეწვის ხიდზე და ვირუსის გავრცელების მასშტაბები დავასტაბილურეთ, მაშინ გვექნება საშუალება, რომ სამომავლოდ აღარ შევზღუდოთ საქალაქო ტრანსპორტისა თუ სავაჭრო ცენტრების მუშაობა, - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას 24 დეკემბრიდან შეზღუდვების დროებით მოხსნის თაობაზე.
იგი მთავრობის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ხელისულებამ ლოგიკური ნაბიჯები უნდა გადადგას.
„მმართველი გუნდი დარჩენილ 5 დღეში რა გადაწყვეტილებას მიღებს, რთული სათქმელია და ნამდვილად არ ვიცი. მათ ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი. თუმცა, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს შესაბამისი გათვლით, რადგან ამან არ გამოიწვიოს ვირუსის გავრცელება.
„თუ მოიხსნება შეზღუდვები, მაშინ ხალხის ნაკადი უნდა გაკონტროლდეს. ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე უნდა შემუშავდეს გეგმა, რომელიც გააკონტროლებს ადამიანთა რაოდენობის მართვას. თუ ეს მოხდება, მაშინ რასაკვირველია უკეთესია, რომ ადამიანებს მივცეთ წინასაახალწლოდ გადაადგილებისა თუ შემოსავლის მიღების საშუალება.
„გასათვალისწინებელია რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, მთავრობას მუდმივი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს მოსახლეობასთან იმ საკითხზე, რომ ეს ახალი წელი უნდა იყოს გამონაკლისი, ყოველგვარი მასობრივი თავშეყრების გარეშე და უნდა ვაქციოთ ოჯახურ დღესასწაულად. ასევე უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ადამიანები გეგმაზომიერად წავიდნენ წინასაახალწლო სამზადისისთვის საყიდლებზე და ნაკადები გადანაწილდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ რეგულაციის დაწესება არაფერს გვაძლევს, თუ მისი აღსრულება ვერ შევძელით და ამ რეგულაციებს ხალხი არ აჰყვა.
„შესაბამისად, მთავრობა მთლიანად მოხსნის შეზღუდვებს, თუ მხოლოდ ნაწილობრივ, უნდა გაითვალისწინოს რამდენად მისაღები იქნება მათი შეთავაზება ხალხისთვის და რამდენად იქნება შესაძლებელი შეზღუდვების მოხსნის, ან ნაწილობრივ დატოვების შემდეგ ვითარების კონტროლი.
„ჩემი აზრით, ის, რაც იყო დაპირება წინასაახალწლოდ რეგულაციების მოხსნის შესახებ, უნდა შესრულდეს, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით ტრანსპორტთან და ბაზრობებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისეთი, რომ ამან ადამიანები არ დააზიანოს. ეს ყველაზე რთული საკითხია. თუმცა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ პირბადის ტარება არის უმნიშვნელოვანესი ამ პერიოდში, მოსახლების 95%-მა რომ ატაროს პირბადე, შემდეგ შეგვიძლია უკვე ვიფიქროთ, რომ შეზღუდვები საჭირო აღარ არის.
„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ლოგიკური გადაწყვეტილება ამ ვითარების ფონზე. მე ვფიქრობ, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, თუმცა განსასაზღვრია საფრთხის მასშტაბები, რომ არ მივიღოთ საშინელი შედეგი. მაგალითად, თუ ტრანსპორტში ვერ გავაკონტროლეთ ხალხის რაოდენობას, მაშინ მის გახსნას დიდი საფრთხეები ახლავს თან და ა.შ
„მთავრობას ნამდვილად რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რადგან 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდი შეიძლება მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის დამანგრეველი აღმოჩნდეს," - ამბობს აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.