ნათია თურნავა საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ყველა შესაძლო რისკს ავწონ-დავწონით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

ნათია თურნავა საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ყველა შესაძლო რისკს ავწონ-დავწონით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

იმის გამო, რომ დროულად შემოვიღეთ შემზღუდავი წერტილოვანი ღონისძიებები, ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მიუხედავად ტესტრების მაღალი მაჩვენებლისა, დავასტაბილურეთ ინფიცირების მაჩვენებელი, მაგრამ ეს ის მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.

„უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ყველა შესაძლო რისკს ავწონ-დავწონით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ვხედავ, რომ ვაჭრობის სექტორისთვის ეს ვითარება და შეზღუდვა რთულია, მაგრამ არის სხვა, საპირწონე მაგალითები. მაგალითად, ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორის მოსაზრებები, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რამდენადაც მაღალი იქნება მობილობა, მით უფრო გაიზრდება ინფიცრების მაჩვენებელი“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 206 907 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 175 842-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2055 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.