ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, განვიხილავთ ვაქცინის უზრუნველყოფისა და ვაქცინაციის პროცესის მხარდაჭერის გზებს. ეს არ იქნება ადვილი, თუმცა სხვადასხვა არხების მეშვეობით, აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ საქართველოს ამ კრიზისის დაძლევაში, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან, ჰანს ჰენრი კლუგესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მიმდინარე პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის უზრუნველყოფილი პირდაპირი დახმარება წარმოადგენს. ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გამოვუყავით დაფინანსება საქართველოს ლაბორატორიებისა და საავადმყოფოებისთვის 2 მილიონზე მეტი ერთეული სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შესაძენად. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს სამედიცინო პერსონალსა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ სხვა ჯგუფებს უზრუნველყოფს ტრენინგებით. უახლოეს მომავალში ველოდებით ჯანდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას“ - განაცხადა ელჩმა.