რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას „ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკუთარი „უგუნური“ გადაწყვეტილებების გამო ჩიხშია შესული.
„ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით, „ევროპული საქართველოს“ ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზა „ლეგიტიმური ძალადობა“. მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. რეალურად გაიხსნა ყველა კარტი, როგორც იტყვიან. მათი საუბრის მთავარი დასაყრდენი იყო „გაყალბებული არჩევნები“ და აღმოჩნდა, რომ არჩევნები კი არა, თურმე, პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა გაყალბებული, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ და, ალბათ, წლების შემდეგ ამას გავიხსენებთ როგორც სკანდალურ და ძალიან ცუდ მოვლენას.
გვახსოვს, რომ ისინი საუბრობდნენ მშვიდობიან ფორმებსა და მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა თავიანთი პოლიტიკურად უგუნური გადაწყვეტილებების გამო ჩიხში შევიდნენ, ახლა დაიწყეს ლეგიტიმურ ძალადობაზე თუ რევოლუციაზე საუბარი და „მსხვერპლზე“- ასეთი ტერმინიც ახსენა ბოკერიამ, ამის „გაპრავებით“ არიან ახლა დაკავებულები“, - განაცხადა მდინარაძემ.
მანამდე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „როდესაც ხელისუფლება არჩევნებს აუქმებს, რჩება 2 სცენარი - ან დიქტატურისკენ სვლასთან შეგუება, ან ლეგიტიმური რევოლუცია“.