სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვით ვუყურებ ოპოზიციის შესაძლებლობას, რომ რევოლუცია მოაწყოს

სანდრო რაქვიაშვილი: ეჭვით ვუყურებ ოპოზიციის შესაძლებლობას, რომ რევოლუცია მოაწყოს

ეჭვით ვუყურებ ოპოზიციის შესაძლებლობას, რომ რევოლუცია მოაწყოს, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა გააკეთა.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ რევოლუციაზე, შესაძლოა გარკვეულ პირობებში, ეს იყოს ნორმალური ინსტრუმენტი, შეიძლება არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი ინსტრუმენტი თავისუფალი ბრძოლის“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, ამ სცენარის განვითარება საეჭვოა. „ჩვენ რომ ავიღოთ მიტინგები არჩევნების შემდეგ, ეს არ იყო გაბრაზებული ადამიანების მიტინგები. მაგალითად 20 ივნისის მიტინგებს თუ შევადარებთ, იქ გაბრაზებული ადამიანები მიდიოდნენ. როგორც ჩანს, ოპოზიციამ ვერ დაარწმუნა მოქალაქეები, რომ არჩევნების გაყალბება იმდენად მინიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ასე მოიქცნენ “, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, როცა გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი, ეკონომიკური კრიზისი, ამ შემთხვევაში შეიძლება მართლა დავინახოთ მშიერი ხალხის ბუნტი და შესაძლოა ხალხი მართლა გამოვიდეს ქუჩაში. „როცა ოპოზიციის ნაწილი საუბრობს მშიერი ხალხის ბუნტზე, ამომრჩევლის წინაშე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. ჩვენი მიზანია შევთანხმდეთ, რომ თავიდან ავირიდოთ მშიერი ბუნტი. არ იქნება სწორი, რომ გათვლა გავაკეთოთ იმაზე, რომ ხალხი გამოვა ქუჩაში გაბრაზებული იმაზე, რომ დაკარგა სამსახური, შემოსავალი და ჩვენ მერე ბელადებივით წინ წავუძღვეთ და შევიდეთ პარლამენტში. ეს არ უნდა იყოს ჩვენი გეგმა. არ უნდა იყოს ჩვენი გათვლა, რომ ხალხი გაღატაკდეს, თავზე დაემხოს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებაში მოვიდეთ“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

„ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციამ მორიგი შეხვედრა გამართა. მას შემდეგ, რაც ბოიკოტში მყოფი პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილება დააანონსა, მმართველი გუნდის ოპონენტები პირველად შეიკრიბნენ.

Aburjga Tasmanieli მოლოდეც სანდრო!
4 წლის უკან