ვახტანგ ძაბირაძე: „რაც დრო გადის, „ოცნებას“ ოპოზიციასთან სავაჭრო არაფერი რჩება“

ვახტანგ ძაბირაძე: „რაც დრო გადის, „ოცნებას“ ოპოზიციასთან სავაჭრო არაფერი რჩება“

ჯერჯერობით, სანამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მანდატები ამ 10 დღის განმავლობაში მის მეპატრონეებს დაუბრუნდეს, ხელისუფლება მანამდე მოლაპარაკებას შეეცდება, თუმცა სავაჭრო სივრცე დღითიდღე მცირდება.

ძაბირაძე ფიქრობს, მოსაზრება, თითქოს ხელისუფლებას პარლამენტში მარტო დარჩენის შეეშინდება და ამის გამო რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, წარმოუდგენელია და არანაირ პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. დიდი ალბათობით, ახლა „ოცნება“ პატარა პარტიებთან მოლაპარაკებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეეცდება იმდენი ოპოზიციონერი მაინც შეიყვანოს პარლამენტში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეგროვდეს.

„რაც დრო გადის, „ოცნებას“ ოპოზიციასთან სავაჭრო არაფერი რჩება. როდესაც, ასე ვთქვათ, ვაჭრობის სივრცე ხელისუფლებისთვის ამოიწურება, მაშინ მოლაპარაკების რესურსიც აღარ იარსებებს. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებას აზრი არც ახლა აქვს, მაგრამ არცერთ მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, არ უნდა, რომ მოლაპარაკების ჩაშლა მათ დაბრალდეთ. ამიტომაც ახლა ორივე მათგანი ელჩების თვალში ცდილობს, რომ ეს ბრალდება მათ არ მიეკეროთ.

„არავის არ უნდა იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ მოლაპარაკებას შლიან. ამიტომაც არის, რომ ორივე მხარე, მიუხედავად მათი რიტორიკისა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მაინც ცდილობს.

„გარდა ამისა, ოპოზიცია მუდმივად იმაზე ლაპარაკობს, რომ შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მოლაპარაკებას ხელს არ უშლის. ამით ოპოზიციას უნდა, რომ ზეწოლით საარჩევნო სისტემა მაინც მიიღოს და თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი საარჩევნო სისტემით გავიდნენ. ამიტომაც ყველა რაღაცას ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო მიიღოს.

„თუმცა ხელისუფლება ამას რატომ გააკეთებს და აქედან რა ხეირს მიიღებს, გაუგებარია. ახლა გარედან ოპოზიციამ რაღაცის გაკეთება უბრძანოს და გააკეთოს, ცოტა არარეალურია.

„ხელისუფლება ახლა ცდილობს, რომ „ნაციონალების“ და „ევროპელების“ გარეშე პატარა პარტიების დეპუტატები მაინც შეიყვანოს და კონსტიტუციური უმრავლესობა შექმნას. როგორც ჩანს, კობახიძეს ამის იმედი აქვს და მისი რიტორიკაც სწორედ ამით არის განპირობებული“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ძაბირაძე.