გადაწყვეტილებამ შესაძლოა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გააბრაზა, მაგრამ ლოგიკა ვერ იმართება - ამას დიქტატურასთან რა კავშირი აქვს?! - ასე პასუხობს პარტიების დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ოპოზიციაში გამოთქმულ მოსაზრებებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
მისივე თქმით, შემუშავებულ კანონპროექტს დიქტატურასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
"ამის პასუხად შეგვიძლია კანონის უზენაესობის მიმართულებით დღეს გამოქვეყნებული რეიტინგი ვნახოთ, თუ როგორია ქვეყნის შეფასება. დიქტატურასთან ეს კანონპროექტი კავშირში ვერ იქნება, მარტივი პარადიგმაა, რომ დაფინანსება განსაზღვრულია საპარლამენტო ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბარიერი გადალახულია და მიენიჭა სტატუსი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამბობს, რომ სტატუსს ერთი მიმართულებით ვცნობ, მეორე მიმართულებით არ ვცნობ. ჩვენი მცდელობაა, რომ ეს დავაბალანსოთ - თუ უარს ამბობს სტატუსზე, ყველა სხვა სამართლებრივ მდგომარეობაზეც უნდა ითქვას უარი", - განაცხადა სარჯველაძემ.