„მე ყოველთვის ვარ მოლაპარაკების მომხრე, ნამდვილად ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში, არა იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში კარგი იქნება, არამედ ეს ქვეყანას სჭირდება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა კახი კახიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია შევიდეს.
„კონსტრუქციული ოპოზიცია საჭიროა იმისთვის, რომ როცა ხელისუფლება რაღაც ტიპის განხილვებში გადაწყვეტილებას იღებას, აუცილებლად სჭირდება განსხვავებული აზრი, რომ თვითკმაყოფილების გრძნობა არ დაემართოს და არ გადაამლაშოს. თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, როცა სამწუხაროდ, პარლამენტი ერთი ადამიანის სურვილზე იღებდა გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი სადამდეც მივიდა, მივიდა. ამიტომ სასურველია, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად განვავითაროთ საქართველო. ეს არ უნდა არც საზღვარგარეთს, არც კახიშვილს, ეს ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ, რომელიც იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყნისთვის სიკეთე მოიტანოს, განხილვებში ჩაერთოს, კრიტიკა იქნება თუ ალტერნატიული საკითხები, დააფიქსიროს, რადგან შეიძლება რაღაც დოზით დღეს - ხვალ შენ თვითონ იყო ხელისუფლებაში თავშეკავებულად, მაგრამ როცა არ გყავს უკვე მაკონტროლებელი, გამკრიტიკებელი, შეიძლება რაღაც საკითხები იმდენად კარგად ვერ აწონო, ვიდრე შენი ოპონენტი გეტყვის, ამისთვის არის საჭირო ოპოზიცია", - განაცხადა კახიშვილმა.