მორიელის წამალი

მორიელის წამალი

1 ოქტომბრის არჩევნებიდან გავიდა ოთხი თვე.

ქვეყანა კი ისევ აბორგებული მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.

ერთის მხრივ, არის ხელისუფლება, რომელიც ცდილობს თავისი დაპირებების შესრულებას, რუსეთთან ურთიერთობის დაწყებას, დასავლეთისათვის საქართველოში რეალური მდგომარეობის და პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მრავალპარტიულ კოალიციაში ურთიერთობების დალაგებას და აქა-იქ ჩალაგებული ნაღმების დროულად მოძებნას და განაღმვას.

არის გარკვეული წარმატებებიც – პოლიტიპატიმრების განთავისუფლება, ამნისტიის კანონი, დენის და ნაგვის გადასახადის შემცირება, ბენზინზე და წამლებზე ფასების შემცირება, საკრედიტო განაკვეთების შემცირება, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევაზე გადასვლა თებერვლიდან…

მაგრამ არის პრეზიდენტი და მისი გუნდი – ძირითადად – თბილისის მერი, უზენაესის თავ-რე კუბლაშვილი, ყოფილი პრემიერი მერაბიშვილი და რამდენიმე გუბერნატორი, ასევე ნაცმოძრაობის ოციოდე სულით-ნაცი პარლამენტარი, ნაცური მედიასაშუალებები/ურნალისტები და (ს)ექსპერტები, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ, არცერთი მიღწევა არ შეიმჩნიონ, ყველა ნაკლი გაბერონ და გააზვიადონ, და მეტიც, მოსალოდნელი და გარდაუვალი კატასტროფის ფანტასმაგორიული სურათი დახატონ. აი, რამდენიმეც:

პრეზიდენტი გაიძახის, რომ ახალი მთავრობა აპირებს სომხეთის მსგავსად რუსეთი გაიხადოს სტრატეგიულ პარტნიორად და არა – დასავლეთი, პრეზიდენტი ბრალს დებს აღმასრულებელ ხელისუფლებას კრიმინალების და ჯაშუშების განთავისუფლებაში (ამავე დროს თავად გამოუშვა ასობით პატიმარი, რომელთა 2/3 მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის იყო გასამართლებული და ჯერ სასჯელის 1/3-იც კი არ ჰქონდა მოხდილი), ასევე ბრალს სდებს მთავრობას “პატიოსანი მოხელეების” დაპატიმრებაში (თურმე 5 მილიონამდე საბიუჯეტო სახსრების არარსებული სამუშაოებისათვის ნაცმოძრაობის კოორდინატორებზე გაწერა და მითვისება “პატიოსნების თვალი” ყოფილა), მერაბიშვილი გაიძახის, რომ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისშია შესული (რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და Standard & Poor სააგენტო არ ადასტურებენ, და 2013 წელს 6,1%-იან ზრდას ვარაუდობენ), უმცირესობის პარლამენტარები იძახიან, რომ ქვეყანაში დაიწყო რელიგიური შუღლი და შეუწყნარებლობა (რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ნაცმოძრაობის და მათი დამქაშების მიერ იყო წახალისებული), რომ ქვეყანა კრიმინალმა წალეკა (თუმცა ამას მაშინ იძახოდნენ, როცა სამთავრობო ამნისტია ჯერ ძალაში არ იყო შესული და მხოლოდ პრეზიდენტის მიერ – შეწყალების კომისიის გვერდის ავლით – შეწყალებულები გამოუშვეს!), პრეზიდენტი მოუწოდებს, რომ გაიზარდოს ჯარში ანაზღაურება და პენსიები (მაშინ, როცა 9 წლის განმავლობაში ეს არ ახსენდებოდა! მეტიც, ავღანეთში და ერაყში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცებზე სიმართლეს მალავდნენ და მხოლოდ ახლა „გაახსენდა“, როცა თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა წამოაყენა), პრეზიდენტი მოუწოდებს ევროსაბჭოს, რომ არ დაუშვას საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრემიერის გავლენის დაწესება და დაიცვას თავისუფალი მედია (თუმცა იმაზე სდუმს, რომ ამ გაკურტიზანებულ „თავისუფალ“ მედიას რა უხვად უდებდა პირში მილიონებს მისი საკუთარი იმიჯის გასაღმერთებლად! არც იმაზე ლაპარაკობს, ვისია რეალურად შარანგიებზე გაფორმებული “რუსთავი2″ და ვისი იყო წლების განმავლობაში მისი ხელისბიჭის მიერ მართული „იმედი“), პრეზიდენტი ჩადის ბათუმის უსახლკარო მოსახლეობასთან და აბუნტებს მათ, ეუბნება – თქვენთვის სახლებს ვაშენებდი და ესენი ეკომიგრანტებს ასახლებენ იქო, მაგრამ მე ჩამოვალ და დაგიცავთო (ამ დროს 9 წლის განმავლობაში აშენებდა სახლებს ბათუმში და ერთი უსახლკარო არ შეუსახლებია!)… პრეზიდენტი ადიდებს თენგიზ გუნავას, რომელიც თურმე თანამედროვე საქართველოს შალვა ახალციხელია და აქამდე რატომღაც გვიმალავდა და მთელი ნაცმოძრაობის ურნალისტები ერთხმად იქცნენ გუნავისტებად, რადგან დადასტურდა, რომ გუნავას პირველი დაკავების დროს იყო პროცედურული დარღვევები… და ის კი ავიწყდებათ ამ მეხსიერებაცხონებულებს, რომ დაკავებისას ერთი პროცედურული დარღვევა კი არა, პროცედურული წამებებით და მკვლელობებით სავსე იყო ნაცმოძრაობის პარპაშის 9-წლიანი ხანა…

დადის პრეზიდენტი ევროპაში და ყველგან აძაგებს საქართველოს ახალ მთავრობას, ყველგან თვალთაგან ცრემლი სდის შეუშრობელი, რამეთუ მის მიერ აშენებული, აყვავებული, კორუფციაგანწმენდილი, გაძლიერებული, ნატოსკართანმიყვანილი ქვეყანა იღუპება… ყველას აფრთხილებს, რომ ახლანდელი მთავრობა საშინელებაა, მგრეველებია, რომ ეს არის სტიქიური უბედურება, საქართველოს ტრადიციების დარღვევა. რომ მან პრემიერ-მინისტრზე უკეთ იცის რუსულიც კი, რუსულ პოეზიაზე რომ არაფერი თქვას (რატო ბლოკი არ დაეცემა თავში კაკალაშვილთაყვანისმცემელს!)…

საინტერესო კი ისაა, რომ მთელ ამ შხამს და ბალღამს ანტურაჟად თან ერთვის ვითომსამშვიდობოდ, სინამდვილეში კი - ყასიდად, გამოწვდილი ხელი და კოჰაბიტაციისაკენ უტიფარი მოწოდებები! თან ცნობილი რუსული ანდაზის თანაფარდობისაგან განსხვავებით, ამ ურთიერთობებში კუპრია მთელი კასრი, ხოლო თაფლი – მხოლოდ ერთი კოვზი!

და მაინც, ბოლო დღეებში იყო უკვე ისეთი განცხადებები, რომლებმაც უკვე ცხადად აქციეს ის, რაც ნებისმიერი საღადმოაზროვნე პოლიტოლოგისათვის და პირადად ჩემთვისაც (თუმცა პოლიტოლოგობის და ესქპერტობის პრეტენზია არ მაქვს) უკვე დიდი ხანია, ცხადია. მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი ოცნება არის უახლოეს თვეებში, მოქმედი მახინჯი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო გადატრიალების მოწყობა: პარლამენტის დათხოვა და ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის პირობებში სასტიკად გაყალბებული არჩევნების ჩატარება.

ამაზე ღიად მიანიშნებს ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ამ მთავრობას 4 წელი ვერ ვაცლით და უნდა დავიწყოთ აქტიური მოქმედებებიო! (იმდენად უტიფარი და ხისტად არაპოლიტიკური იყო ეს განცხადება, რომ თავად ნაცმოძრაობის მარადიულმა დამცველმა მერაბ ბასილიამაც კი ვერ შეიკავა თავი მისი კრიტიკისაგან და ღიად გაემიჯნა “პოლიტმეტრში”).

ხოლო ამის ფონზე, პრეზიდენტმა ისევ უტიფრად „სამშვიდობო ინიციატივა“ შემოაგდო – ჯანდაბას, რადგან კონსტიტუტციის შეცვლა გინდათ, შევცვალოთ, მაგრამ არა 2/3-ით, არამედ 150 დეპუტატითო! (აქაც იაფერისტა ანგლმა, ხომ შეეძლო ეთქვა 100%-თო, ვითომ არ იცის, რომ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტში 147 დეპუტატია მხოლოდ!)… აშკარაა, რომ დროის მოგებას, ან ჭკუაში მოგებას ლამობს…

საქმე იმაშია, რომ სააკაშვილმა მშვენივრად იცის, როგორ შაგრენის ტყავივით პატარავდება მისი ერთგული ფრაქცია პარლამენტში. საზღვარგარეთიდან მხარდაჭერა მსუბუქი შეშფოთებების შემდეგ შესუსტდა და ვილფრედ მარტენსის მსგავსი ძმადნაფიცებითღა შემოიფარგლა. აგერ ძმადშეგულებულმა ჯანი ბუკიკიომაც კი არ მოიკლა მიშას მხარდასაჭერად თავი და აღიარა, საკონსტიტუციო ცვლილებები არის საჭიროო. იმის ფონზე, რაც უფრო ფართოვდება პროკურატურაში ნაცმოძრაობის ყოფილ მოხელეთა მიმართ აღძრული საქმეები და რაც უფრო მასშტაბური ხდება ამ საქმეები ფინანსური მდგენელი – განსაკუთრებით საჩვენებელია ცეზარ ჩოჩელის მიმართ არსებული ბრალდებები (ბეტონის შპალების ქარხნის დანაშაულებრივ ყიდვასთან დაკავშირებით, სადაც ლაპარაკი ასეულობით მილიონის ქონების სახელმწიფო საკუთრებიდან აცანცვლაზეა), ვაგონშემკეთებელი ქარხნისათვის გადარიცხული 56 მილიონი ლარის ამბავი, ახლა აგერ მერი უგულავას 764 კაციანი ჩაუქ-ჩუკენობის ამბავი და ა.შ. – მით უფრო ნაკლები ენთუზიაზმი ექნებათ ნაცმოძრაობის წევრებს, რომ ბელადს პოლიტიკურ საფლავში ჩაყვნენ… მით უფრო, როცა ბელადს რაღაც გარანტიები შეიძლება ჰქონდეს, მათ კი – ბრიშტი!

ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთისათვის, მართლაც, არასასურველია მათ მიერ დიდხანს შუქურად და დემოკრატიის მზეჭაბუკად შერაცხული პრეზიდენტი, უცებ სასტიკად კორუმპირებულ, ავტორიტარ, წამებებში ხელგასვრილ და მილიარდის მომყუჩებელ, საკუთარი ჰარამხანით ამაყ და შლეგ დესპოტად გაიცნონ. არ გამოვრიცხავ, რომ მათ მართლაც მისცეს სააკაშვილს გარანტიები, რომ დაიცავენ სასამართლო დევნისაგან… და ვინ იცის, მართლაც ვერ მოხერხდეს მისი ციხეში მოთავსება, თუმცა ბრალის წარდგენა და გასამართლება უეჭველად (თუნდაც დაუსწრებლად) უნდა მოხდეს. მაგრამ ნუთუ ვინმეს მართლაც სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვინმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას აუკრძალავს? ჯანი ბუკიკიო საკმაოდ ნატიფი პოლიტიკოსი ყოფილა და არც მწვადი დაწვა და არც – შამფური (რითაც ძალიან გული დაწყვიტა სერგო რატიანს), მაგრამ მისი განცხადება, რომ მისი აზრით, თურმე, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, იმის საფუძველს მაძლევს, რომ ვიფიქრო, ან არაგულწრფელია (და მეგობარ მიშას ეს ერთადერთი თხოვნა მაინც შეუსრულა – “თქვი, რომ არ ვაპირებო!”), ან ისევე შორსაა საქართველოს პოლიტიკის ნიუანსებისაგან, როგორც მე ვენეციის საფუძვლის გამყარების და ჩაძირვის პრევენციის სამუშაოების დაგეგმვისაგან!

ჰოდა, ძვირფასო ნაცმოძრაობის ლიდერებო – გიგი, გოგა და გოკა, ჩიორა, ეკავ, და ხათუნებო, პეტრევ და მიშავ (ჟვანია მოკლესო!? – რომ წამოგცდა), ნუგზარ და ზურა, და პატარა ბარტყებო, ჯერ რომ კიდევ ვერ მიმხვდარხართ, სად შერგეთ თავი… – იმაზე დაფიქრდით, მიშა რომ მოტყდება (უკეთეს შემთხვევაში), ან ჩასვამენ (უარეს შემთხვევაში), ან უბრალოდ ბოსტნის საფრთხობელად იქცევა (საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისთანავე), მერე რას იზამთ? თუ უთქვენოდ მოგროვდა ის 100 ხმა, მერე თქვენი ხმა ხომ “პუსტა-პუსტად” იქცევა?

არსებულ ვითარებაში უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ, შემდეგ მოვლენებს უნდა ველოდოთ:

პარლამენტი თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მიიღებს საკონსტიტუციო შესწორებას, რომლის ძალითაც მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს მთავრობის ერთპიროვნულად დანიშვნის გაუგონარ უფლებას! ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მადამ ტიუსოს მუზეუმის მოლაპარაკე ექსპონატად იქცევა და, ალბათ, მზეზე დიდი ხნით გამოსვლას ცოტა მაინც მოერიდება…

არაა გამორიცხული, დაახლოებით იმავე პერიოდში, პარლამენტმა შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი და/ან იუსტიციის საბჭოს წესდება. ამავდროულად მოსალოდნელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ახალი წესდების მიღებაც და “ბორდის” გადახალისებაც, რაც საზმაუს მიშისტების ტყვეობიდან დახსნის დასაწყისი იქნება…

ალბათ ამავე პერიოდში დაიწყება თბილისის მერის, ნაცმოძრაობის კიდობნის კაპიტნის – გიგი (ჯერკუალ) უგულავას სასამართლო პროცესიც, რომელიც, დამერწმუნეთ, უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე „მონა იზაურას“ სერიალი…

დაბოლოს, გამომდინარე იმ სურვილების დეზავუირებიდან, რაც ბ-ნმა ლევან მაისურაძემ ახლახანს მოახდინა, ალბათ საჭიროა, რომ ქვეყნის უშიშროების სამსახურებმა მასზე სპეციალური კონტროლი და თვალთვალი დააწესონ…

ეს კი ჩვენს უცხოელ მრჩეველებს მინდა გავუზიარო:

“სიბრძნე სიცრუისა” (ოღონდ – არა სააკაშვილისეული ოღრაშული სიცრუისა!):

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ. წავიდნენ გზასა. გასავალი წყალი დახვდათ.
მორიელი დაღონდა, გასვლა არ ეძლო. კუმ უთხრა: ზურგს შემაჯექ, მე გაგიყვანო!
შეაჯდა მორიელი ზურგს. კუ რა წყალში შეცურდა, მორიელმან ზურგზე კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას იქმო?
მორიელმან უთხრა: რა ვქმნა, არც მე მნებავს, მაგრა ასეთის გვარისანი ვართ, მტერსა და მოყვარეს ყველაყას უნდა ვუკბინოთო.
კუმ დაიყურყუმალავა და მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მნებავს, მაგრამ ჩემი გვარი, თუ გესლიანს ხორცს არ გაიბანს, გაუსივდება და მოკვდებაო.