მევლუთ ჩავუშოღლუ: აშშ-ის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ მცდარი ნაბიჯია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით

მევლუთ ჩავუშოღლუ: აშშ-ის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ მცდარი ნაბიჯია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით

აშშ-ის სანქციები თურქეთის წინააღმდეგ მცდარი ნაბიჯია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციები თურქეთის სუვერენულ უფლებებზე თავდასხმაა.

„ჩვენ განვაგრძობთ ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ ჩვენი თავდაცვითი მრეწველობა უფრო დამოუკიდებელი გახდეს. რაც შეეხება С-400-ის სისტემას, უკან არ დავიხევთ. სანქციების დაწესება მცდარი გადაწყვეტილებაა. საპასუხო ნაბიჯებს გადავდგამთ“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსა და მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირს.