მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევის რესურსი კვლავ არსებობს

მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევის რესურსი კვლავ არსებობს

მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების რესურსი არსებობს და მის ერთ-ერთ მაშველ რგოლად მიმაჩნია ის, რომ ოპოზიციაში ვინმე იპოვის ძალას, რომ ამ ლუსტრაციის შემდეგ მაინც გადადგან ნაბიჯი, შემოვიდნენ პარლამენტში, შექმნან კომისია და დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ნარატივი არჩევნების გაყალბების შესახებ იყო ტყუილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ ყველაფრის შედეგი არის იმ ტყუილის ლუსტრაცია, რომელსაც საზოგადოებას ახვევდნენ თავს. სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიების ბევრი მომხრეა აღმოჩნდა ისეთი, ვისაც აუხილა თვალი ამ ინფორმაციამ პარალელური დათვლის შედეგების შესახებ. იმდენად აშკარა ტყუილი გამოიკვეთა და იმდენად სკანდალური ამბავი მოხდა, რომ მათი მომხრეები დღეს უკვე კარგად გაერკვნენ, რაშია საქმე. საქართველოში აღარავის სჯერა იმის, რომ PVT-ის მონაცემები იყო ზუსტი. რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ - თუ 1% მაინც იქნება ცდომილება, ოპონენტების ყველაზე რადიკალური მოთხოვნა - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა - დაკმაყოფილდება, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვინაიდან ასეთი რამ არ მომხდარა. მიუხედავად ამისა მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების რესურსი არსებობს და მის ერთ-ერთ მაშველ რგოლად მიმაჩნია ის, რომ ოპოზიციაში ვინმე იპოვის ძალას, რომ ამ ლუსტრაციის შემდეგ მაინც გადადგან ნაბიჯი, შემოვიდნენ პარლამენტში, შექმნან კომისია და დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი ნარატივი არჩევნების გაყალბების შესახებ იყო ტყუილი. ამაშია პოლიტიკოსის სიძლიერე, რომ აღიარონ შეცდომა“, - განაცხადა მდინარაძემ.