დავით ბაქრაძე: მინდა, ელჩებს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი დაფასება და მადლიერება იმ როლის გამო, რომელსაც ისინი ასრულებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში

დავით ბაქრაძე: მინდა, ელჩებს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი დაფასება და მადლიერება იმ როლის გამო, რომელსაც ისინი ასრულებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ნიკა გვარამიას მიმართ დევნას და მოლაპარაკებების პროცესში ფასილიტატორი ელჩების როლის განსხვავებულ შეფასებებს ეხმაურება. როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სრულ მხარდაჭერას უცხადებს ნიკა გვარამიას იმ ბრძოლაში, რომელსაც მის წინააღმდეგ აწარმოებს ხელისუფლება. ბაქრაძის თქმით, გვარამიას და მისი ოჯახის წინააღმდეგ უკანონო თვალთვალი და ზეწოლა სახელისუფლებლო ორგანოების მხრიდან არის ერთპარტიული, ავტორიტარული ხელისუფლების ხელწერა.

ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი პროცესების შეჩერებაში და დემოკრატიის განმტკიცებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას აქვს.

როგორც „ევროპული საქართველოს” ლიდერმა აღნიშნა, აშშ-ს ის ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკაშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მონაწილეობა იყო გადამწყვეტი ფაქტორი 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში. ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ელჩების მიმართ და იმედი გამოხატა, რომ მათი მონაწილეობა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ისეთივე მნიშვნელოვანი და წარმატებული იქნება, როგორც ეს იყო 8 მარტის შეთანხმებაში.

„პირველ რიგში, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ნიკა გვარამიას იმ ბრძოლაში, რომელსაც მის წინააღმდეგ აწარმოებს ხელისუფლება სრულიად უკანონო და ბინძური მეთოდებით. ოჯახის წევრების წინააღმდეგ ზეწოლა, თვალთვალი, პროკურატურის, უშიშროების და სასამართლოს გამოყენება განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ, ეს არის სწორედ ერთპარტიული, ავტორიტარული ხელისუფლებების ხელწერა.

მაგრამ, აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ პრობლემებთან ბრძოლაში ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დასავლელი პარტნიორების, აშშ-ის და ევროკავშირის მხარდაჭერას, მათი აქაური საელჩოების და ელჩების აქტივობას.

ამას ადასტურებს 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმება, სადაც ელჩი დეგნანის და ელჩი ჰარცელის მონაწილეობა იყო გადამწყვეტი ფაქტორი. სწორედ ელჩების აქტივობის შედეგად ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ პოზიტიური შედეგების მიღწევა - პოლიტპატიმრების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება, ოპოზიციის ლიდრების წინააღმდეგ იმ დროს მიმდინარე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და უკეთესი პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება.

დღეს საქართველოში გრძელდება პოლიტიკური ბრძოლა თავისუფალი არჩევნებისთვის, მრავალპარტიული პარლამენტისთვის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლისათვის. იმედი მაქვს, ამ ბრძოლაში ჩვენი ოპოზიცია, საზოგადოებასთან ერთად, იქნება ისეთივე წარმატებული როგორც 8 მარტს და ამ პროცესში ელჩი დეგნანის და ელჩი ჰარცელის მონაწილეობა იქნება ისეთივე პოზიტიური და მნიშვნელოვანი, როგორც 8 მარტის წინ მოლაპარაკებებში.

ამიტომ, ჩვენ მზად ვართ გავგარძელოთ პოლიტიკური დიალოგის პროცესი. მინდა, ელჩებს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი დაფასება და მადლიერება იმ როლის გამო, რომელსაც ისინი ასრულებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. ჩვენ, როგორც პროდასავლური ოპოზიცია, მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ელჩ დეგნანთან და ელჩ ჰარცელთან ერთად, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად, რომ არ დავუშვათ საქართველოში ერთპარტიული ავტორიტარიზმის ფორმირება და ქვეყანა ერთად გამოვიყვანოთ იმ კრიზისიდან, რომელშიც შეგვიყვანა გაყალბებულმა არჩევნებმა.“ - განაცხადა ბაქრაძემ.