რითი ახერხებს სხვა ოპოზიციური პარტიების შეკავებას გიგა ბოკერია? რა დაპირება უნდა მისცეს მათ? არსებობს მითი, რომ ბოკერიას აქვს აშშ-ში დიდი გავლენები და მას შეუძლია ამერიკულ დიპკორპუსთან რაღაცები „დაალაგოს“. სავარაუდოდ, შანტაჟის საკითხია ის, რომ ჰგონიათ, ბაიდენის მოსვლით მათთვის სასიკეთოდ რაღაც შეიცვლება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა, ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.
„ამერიკის ელჩმა დღეს განაცხადა, მეტი როგორ დაგანახოთ, რომ ამ ქვეყანაზე ვზრუნავთო. ერთი მხრივ, თამარ ჩერგოლეიშვილი გერმანიის ელჩს ჰოლოკოსტს ახსენებს და ამავდროულად სხვებს უკრძალავს სისხლიან 9 წელზე საუბარს, თითქოსდა ძალიან ძველი და დრომოჭმული საკითხია. რომ წარმოვიდგინოთ, რა ხდება შიგნით - რითი ახერხებს სხვა ოპოზიციური პარტიების შეკავებას გიგა ბოკერია? რა დაპირება უნდა მისცეს მათ? არსებობს მითი, რომ ბოკერიას აქვს აშშ-ში დიდი გავლენები და მას შეუძლია ამერიკულ დიპკორპუსთან რაღაცები „დაალაგოს“. სავარაუდოდ, შანტაჟის საკითხია ის, რომ ჰგონიათ, ბაიდენის მოსვლით მათთვის სასიკეთოდ რაღაც შეიცვლება. სავარაუდოდ, ბოკერია ამბობს, რომ მაქსიმალურად გააძლიერებს კამპანიას აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ ამერიკელ მეგობრებთან და ამერიკაში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიწვევს დეგნანს და დანიშნავს საჩვენო ფიგურას, რომელიც ჩვენ გამოგვიცხადებს მხარდაჭერას და გააკრიტიკებს ხელისუფლებას. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ერთადერთი იარაღი მის ხელში. ამიტომ ბოკერიასთვის ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. ბოკერია პარლამენტის გარეთ ხომ არ გვახსოვს? თუ პარლამენტში შევიდა ოპოზიცია და ის დარჩა გარეთ, ბოკერია უთანაბრდება ნინო ბურჯანაძეს, რომელიც მისთვის ყოვლად მიუღებელი ფიგურაა. საკუთარ თავს ნინო ბურჯანაძეს ის არასოდეს გაუთანაბრებს. თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ბოკერიასა და ბურჯანაძეს შორის ტოლობის ნიშანი დადგება“, - განაცხადა ოდიშარიამ.