ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება, ამ ფონზე გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა იყო ჩვენთვის მოულოდნელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადების პათოსს და შინაარსს ვერ გაიზიარებს, რომელიც მან პარტიასთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, წასულებს ცვლიდნენ ახლები, რომლებიც უერთდებოდნენ ამ მოძრაობას“, - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში დიქტატურის შეცვლა. „როდესაც კეთდება ასეთი განცხადება, პარტიის ლიდერშიპი, ის ადამიანები, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში არიან პარტიაში იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებულები, რათა არ გაჩნდეს უფრო ბევრი კითხვის ნიშანი სხვადასხვა ინსინუაციებითვის“, - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე ბოლო ოთხი წელი ხელმძღვანელობდა პარტიას, ის არჩეული იყო პარტიის ყრილობის მიერ. „თუ ის ფიქრობდა, რომ ან ტაქტიკის, ან სტრატეგიის თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა რაიმე სახის პრობლემები, პირიქით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მისგან ელოდა ასეთი სტრატეგიის წარმოდგენას პარტია. ამიტომ განცხადება, რომ პარტიას არ ჰქონდა სტრატეგია ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
გრიგოლ ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია.