ირაკლი კობახიძე ISFED-ის თემაზე: ასეთ დელიკატურ საკითხზე გამოძიება მხოლოდ ამერიკის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს

ირაკლი კობახიძე ISFED-ის თემაზე: ასეთ დელიკატურ საკითხზე გამოძიება მხოლოდ ამერიკის ჩართულობით შეიძლება წარიმართოს

ცოტა დელიკატური საკითხია, რადგან საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2 ათეული წელია საქართველოში მუშაობს და აქამდე არ დაფიქსირებულა რამე ასეთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ISFED-თან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

„თუ საუბარია სისხლის სამართლის გამოძიებაზე, ეს არის დელიკატური საკითხი, თუ ასეთი რამ განიხილება, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული ჩართულობით შეიძლება ასეთი გამოძიება წარიმართოს, სხვაგვარად არ ივარგებს, რადგან საქმე ეხება ამერიკული და ევროპული დაფინანსებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეა წულუკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თუ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, აუცილებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარლამენტში მივიდეს და გასცეს პასუხი კითხვაზე, რატომ არ დათვალეს სწორად ხმები.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.