საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი გრიგოლ ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის ფაქტს ეხმაურება და მას კარგი პოლიტიკოსობისთვის მადლობას უხდის. როგორც ჰარცელი აცხადებს, მომხდარის გამო ძალიან წუხს.
"რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, ეს მას უნდა ჰკითხოთ. მე კი მინდა მას მადლობა ვუთხრა კარგი პოლიტიკოსობის გამო. ჩვენ ბევრი დრო დავხარჯეთ დიალოგის მისაღწევად, რაც საბოლოოდ 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ გვექნება თანამშრომლობის საშუალება. მადლობა მას გასული თვისთვის," - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
კარლ ჰარცელის კომენტარის თარგმანს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ პარტია “ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა დღეს დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.