საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, მათ შორის ჩვენი სამუშაო გეგმა წლის ბოლომდე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცედურა, მათ შორის მთავრობისა და ბიუჯეტის დამტკიცება.
„პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოეს დღეებში. მისგან მოვისმენთ პირველ რიგში მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე გაიმართება განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის შეცვლა, კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხი ასე არ დგას.
„არსებითად რჩება იგივე შემადგენლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრის ნაწილშია ცვლილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაველოდებით პრემიერის პოზიციას. რამე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.