კახა კუჭავა:  გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია

კახა კუჭავა: გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია "ნაცმოძრაობაზე" ვსაუბრობთ, მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან

„გრიგოლ ვაშაძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია "ნაციონალურ მოძრაობაზე" ვსაუბრობთ. მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი კახა კუჭავა "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლის საკითხს.

როგორც კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გრიგოლ ვაშაძის კომენტარი, რომ ის ვერ ეგუება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გამოთქმულ შეტევებს და ლანძღვა-გინებას, მისაღები უნდა იყოს ყველა იმ ქართველისთვის ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანას არ აქვს სხვა გზა, თუ არა დასავლეთისკენ სწრაფვა.

"მან ეს ვერ დაინახა იმ პარტიაში, რომელსაც თავი ყოველთვის მოჰქონდა პროდასავლურ და პროევროპულ ძალად. ამ ბოლო პერიოდში რეალურად ძალიან კარგად მოხდა მათი ლუსტრაცია, რომ წარმოადგენენ ძალიან ძლიერ ანტიდასავლურ ძალას. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ ისაუბრებს", - განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივას, კახა კუჭავას მოსაზრებით, " ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს.

"ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა არჩევნების შედეგად, არჩევნების შემდეგ კი კიდევ უფრო, როდესაც მათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით ხაზი გადაუსვეს ყველანაირ მომავალს, რომელიც მათ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ. რაც შეეხება ვაშაძეს, არ ვიცი, ალბათ გამოვა და თავის გეგმებზე თვითონ ისაუბრებს. მე არ ვიცი, მას რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს" , - განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.