„ნაციონალურ მოძრაობაში“ როცა ამბობენ, რომ ჩვენ სია ჩავხსენით, მათ მხოლოდ ის ადამიანები ჩახსნეს, ვინც ვერ გავიდა პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ სიის იმ წევრების ჩახსნა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ნიშნავს, რომ მათ არ ენდობიან.
„ელისაშვილს თავი დაანებეთ, არა იმიტომ, რომ უნდა დავანებოთ, პარლამენტში თუ მობრძანდება, ნახავს, რასაც ნახავს. „ნაციონალური მოძრაობის“ სიაზე გეტყვით. როცა ამბობენ, რომ სია ჩავხსენით, მათ მხოლოდ ის ადამიანები ჩახსნეს, ვინც ვერ გავიდა პარლამენტში. ისინი, ვინც გავიდნენ, ჩახსნილები არ არიან. ამას მორიდებით და ნახევარი ტონით ამბობენ, ემანდ, თქვენ ვერ მიხვდეთ, რას ამბობენ. მაგრამ, თქვენ ხომ ჩემზე კარგად ხვდებით, რომ მხოლოდ ის თანამებრძოლები ჩახსნეს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ და მათ არ ენდობიან. ძალიან მაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიისა და „ევროპული საქართველოს“ სიის წევრების აზრი, რომელთაც პარტიებმა უთხრეს – არ გენდობით, რადგან ჩვენ თუ არ შევედით, შეიძლება, შეხვიდეთ.
ამიტომ, საკუთარ თანამებრძოლებს უნდობლობა გამოუცხადეს და სიის მხოლოდ ის ნაწილი ჩახსნეს, ვინც ვერ შევიდა პარლამენტში. ვინც პარლამენტში შევიდა, ისინი დღეს დეპუტატები არიან, სანამ უფლებამოსილებას ჩვენ არ შევუწყვეტთ. კითხვა ისმის ასე – მოვლენ და თავიანთ თეთრ სკამზე დაბრძანდებიან, თუ არა”, – განაცხადა წულუკიანმა.
კითხვაზე, რომ შალვა ნათელაშვილმა უკვე მიმართა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ, წულუკიანი პასუხობს: „ეს ჯერ გრამაფონია, სანამ წერილებს არ შემოიტანენ, როგორც გუშინ რამდენიმემ გააკეთა. ჩვენ ველოდებით, ყველა შემოიტანს, თუ ზოგიერთი. ამ ადამიანებს ცესკო-ში საკუთარი თავის ჩახსნა არც გაუკეთებიათ და არც შეეძლოთ, გაეკეთებინათ. ვინც შემოიტანს, თითოეულის წერილი განხილული იქნება, კენჭისყრა შედგება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.