ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

„ხალხის მიერ მინიჭებულ სტატუსზე უარის თქმას მხოლოდ ხალხის ნების გამოვლინების საიმედო შედეგების საფუძველზე შევძლებ. ვიდრე ნების ასეთი გამოვლინება არ შედგება, პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას განვაგრძობ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მისი ოჯახის წევრებმა სომხეთი დატოვეს.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.