ირანის პრეზიდენტი: მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით ისრაელს რეგიონის დესტაბილიზირება და ომის პროვოცირება სურდა

ირანის პრეზიდენტი: მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით ისრაელს რეგიონის დესტაბილიზირება და ომის პროვოცირება სურდა

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობით ისრაელს რეგიონის დესტაბილიზირება და ომის პროვოცირება სურდა.

„ფახრიზადეს მკვლელობისას ისრაელის მთავარი მიზანი რეგიონის დესტაბილიზირება და ომი იყო“, - განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის უკან ის ძალები დგანან, რომლებსაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეებში რეგიონის ომში ჩაბმა სურდათ.

27 ნოემბერს თეირანის მახლობლად მოკლეს ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა.

დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ფახრიზადეს განიხილავდნენ როგორც პირს, რომელიც ირანის ბირთვული შეიარაღების საიდუმლო პროგრამის უკან იდგა. 2018 წელს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოჰსენ ფახრიზადე, ფიზიკის პროფესორი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერი, ბირთვული იარაღის პროექტის დირექტორად მოიხსენია.