საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Moody's თიბისი ბანკს უცხოური ვალუტის დეპოზიტების საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2 დონემდე გაუზარდა, ხოლო პროგნოზი დაადასტურა, როგორც "სტაბილური".
სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის ზრდა განპირობებულია მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებით, რომლებიც ქვეყნებისთვის, ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციებისა და სხვა ვალდებულებებისთვის ე.წ. „რეიტინგის ჭერის" დადგენას განსაზღვრავს. აღნიშნული ცვლილება ძალაში მიმდინარე წლის 7 დეკემბერს შევიდა.
მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, საქართველოში გაიზარდა უცხოური ვალუტაში დენომინირებულ დეპოზიტებზე დადგენილი რეიტინგის ჭერი, რასაც მოჰყვა თიბისი ბანკისთვის უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით, Ba2-დონემდე გაზრდა.