პოპ–პორტრეტები: Steppenwolf - ტრამალიდან სცენაზე

პოპ–პორტრეტები: Steppenwolf - ტრამალიდან სცენაზე

ცნობილია, რომ როკი არა მხოლოდ მუსიკალური დატვირთვითაა გამორჩეული და მას მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კაცობრიობის დიდი ნაწილის შემეცნება, თავისი პოეტურობის განცდით, პროტესტის გრძნობითა, თუ თავისუფლებისადმი სწრაფვით აქვს შევსებული.

მუსიკოსები ხშირად მიმართავდნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროებს, უხსნიდნენ რა ამით კარებებს ერთგულ მსმენელებს ლიტერატურაში, მხატვრობასა, თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგში. ხშირად ასეთი პარალელები, მაგალითად ბობ დილანის შემთხვევაში, რომელიც ბიტნიკ მწერალ დილან ტომასს დაესესხა მეტსახელს, გამართლებული იყო, მაგრამ რა კავშირი ჰქონდა ჰერმან ჰესეს ნაწარმოებ Steppenwolf-ს  (ტრამალის მგელი), ჯონ კეის ჯგუფ Steppenwolf-ის შემოქმედებასთან, ალბათ ვინც მათ ტექსტებშია ჩახედული, ის თუ გვიპასუხებს, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ აქედან რამე შევიტყოთ...

ისე კი ისტორიული წყაროების მიხედვით, ჯონ კეის ჯგუფისთვის სახელწოდება Steppenwolf , პროდიუსერ გაბრიელ მეკლერს ურჩევია, რომელიც Steppenwolf-ის გარდა, Three Dog Night-თან, ჯენის ჯოპლინთან და  ეტა ჯეიმსთან თანამშრომლობითაა ცნობილი.

ჩავთვალოთ, რომ The Sparrows -ს ლიდერ ჯონ კეის, წაკითხული ნამდვილად უნდა ჰქონოდა ჰერმან ჰესეს ნაწარმოები.  The Sparrows კი ერთ მშვენიერ დღეს Steppenwolf-ად იქცა და 1968 წელს ჩაწერა სადებიუტო ალბომი, რომელსაც თურმე მომავალში ამ კოლექტივის ყველა დანარჩენი  ნაწარმოები უნდა დაეჩრდილა...

გასული საუკუნის 60-ების კალიფორნიული როკ სცენა, დღემდე წარმოადგენს ამერიკული კულტურის მნიშვნელოვან კერას, რადგან ჰიპური პერიოდის ექსტაზმა უამრავი საინტერესო სიმღერა, კოლექტივი, თუ ცალკეული შემსრულებელი დაგვიტოვა. ბევრი, ენერგიისაგან თანდათანობით იცლებოდა, დიდხანს ვერც ცოცხლობდა და საუკეთესო ნაწარმოებად საყოველთაო აღიარებით, სადებიუტო ალბომს ტოვებდა ხოლმე. მომღერალ ჯონ კეის სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ იგი ზუსტად 50 წელიწადია, რაც როკ სცენას ამშვენებს და დღესაც Steppenwolf-ში მღერის, სადაც მის გარდა ვერც The Sparrows -ის, ვერც Steppenwolf-ის ვერცერთ წევრს ვეღარ ვხედავთ.

ჯონ კეი (იოაჰიმ ფრიც კროლდატი) აღმოსავლეთ პრუსიის გერმანულ ქალაქ ტილსიტში 1944 წელს დაიბადა. ცოტა ხანში კი მისი „სამშობლო“ საბჭოთა კავშირი გახდა, რადგან იგი კალინინგრადის ოლქში შევიდა.1948 წელს ოჯახმა საბჭოთა ჯარების ოკუპაციას თავი დააღწია და კანადაში გადაბარგდა.

ამერიკული ახალგაზრდობის მგზნებარე ჰიპური აურა, ვიეტნამის ომი და ყველანაირი იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური ატრიბუტიკა, ჯონ კეისაც შეეხო და 1965 წელს იგი ბლიუზ-როკ ფსიქოდელიურ ბენდ The Sparrows -ს  შეუერთდა, რომელსაც კალიფორნიაში ჩასვლამდე, კანადაშიც ჰქონდა სახელი მოხვეჭილი. The Sparrows-მა სინგლებთან ერთად, ერთი შესანიშნავი ალბომიც შექმნა და ამგვარად Steppenwolf, ყამირ მიწაზე აღმოცენებული ჯგუფი არ ყოფილა, რადგან მუსიკოსებს იქამდე საკმაო გამოცდილება ჰქონდათ მიღებული.

ალბომი  Steppenwolf 1968 წელსაა ჩაწერილი. მომღერალ ჯონ კეის აქ მხარს უმშვენებდნენ ბას გიტარისტი რაშტონ მორვი, გიტარისტი მაიკლ მონარჩი, ორღანისტი გოლდი მაკჯონი და დრამერი ჯერი ედმონტონი. საინტერესო კი ისაა, რომ Steppenwolf-ის თავდაპირველი და საბოლოო აღიარება უპირველეს ყოვლისა, დრამერის ძმას - დენის ედმონტონს (იგივე მარს ბონფაია) უკავშირდება. სწორედ ამ კაცის შექმნილია უკვდავი ჰიტი Born to Be Wild, რომელიც ალბომის კიდევ ერთ - ოღონდ მელანქოლიურ ჰიმნ  The Pusher-თან ერთად, მალე ცნობილ ეპოქალურ ფილმ Easy Riders-ს დაამშვენებდა.

რამდენად ლაღი მხედრები იყვნენ თვით ჯგუფ Steppenwolf -ის წევრები? მძიმედ დაკვრა, მოუხეშავი საუნდი, სიღრმე და მელანქოლიურობა. ყოველივე ეს ჯონ კეის მომენტებში საკმაოდ დეპრესიული ვოკალის ფონზე, როკ’ნ’როლსაც კი ამძაფრებდა ხოლმე, რაც ალბომის გამხსნელი  ფსიქოდელიური როკ’ნ’როლის იშვიათ ნიმუშ Sookie Sookie-ზე აისახა. ალბომში შევიდა ვილი დიქსონის ეპოქალურ ბლიუზ Hoochie Coochie Man -ის უაღრესად საინტერესო ვერსია, რომელიც ჯონ კეისა და გიტარ ფსიქოდელიური საუნდის გათვალისწინებით, ბლიუზს განსხვავებულად,  არა უპირველეს ყოვლისა გიტარის მხრიდან წარმოაჩენს. Everybody's Next One მელანქოლიური ხასიათისაა და მოტივად კლასიკურ-ჰიპური მელოდია გასდევს, რაც The Doors-თანაცაა მიმსგავსებული. Berry Rides Again -ის ავტორიც ჯონ კეია. ის  შედარებით მსუბუქი როკ’ნ’როლია. მის კალამს Your Wall's Too High -იც ეკუთვნის, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Desperation, რომელიც The Pusher-ის წინ, ალბომის დამაბოლოვებელი ჰიპურ ფსიქოდელიური ზეიმის მომასწავებელია.

მომდევნო ნამუშევრები სადებიუტო ალბომის დონეს ვეღარ აღწევდნენ, მაგრამ  ეპოქის დამახასიათებელ მუხტს მაინც ჰქმნიდნენ და კალიფორნიულ საუნდსაც ალამაზებდნენ. The Second -იც აღინიშნა ჰიტით Magic Carpet Ride, მაგრამ აქ ალბათ გამორჩეულია ჯონ კეის ორი სიმღერა - მძლავრი საორღანო სვლებით აღსანიშნავი Don't Step on the Grass, Sam და უბრალოდ ლამაზი  Spiritual Fantasy. გამხსნელი Faster than the Speed of Life მარს ბონფაიას კიდევ ერთი შვილობილი, დაბადებიდანვე  Born to Be Wild-ის ჩრდილში უნდა ყოფილიყო. ამიტომაც მას კონცერტებზეც იშვიათად ასრულებდნენ. ჯამში კი ალბომმა განაგრძო სადებიუტო ნამუშევრის ხაზი, ოღონდ შედარებით დაბალ დონეზე.

ასევე შეიძლება ითქვას ჯგუფის არსებობის პირველი ეტაპის მომდევნო ალბომებზეც, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს ფსიქოდელიური მუხტი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში - 1968-1971 წლებში, ჯგუფმა 6 სტუდიური და ერთიც  - ეპოქალური ორდისკიანი საკონცერტო ალბომი ჩაწერა. მივაქციოთ ყურადღება - 1971 წელს ორდისკიანი ლაივები Grand Funk Railroad-მა და Allman Brothers Band-მაც ჩაწერეს. 1972 წლის Chicago-ს კარნეგი ჰოლის ლაივი საერთოდ ოთხ დისკიანი იყო, ხოლო The Doors-მა და Grateful Dead-მა ორდისკიანი საკონცერტო ალბომები ჯერ კიდევ 1969 წელს ჩაწერეს. Steppenwolf-მა, რომლის არცერთი წევრი  მაინცდამაინც დიდი საშემსრულებლო ოსტატობით არ გამოირჩეოდა, ამერიკული პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მაინც მოახერხა შესანიშნავი ცოცხალი ალბომის ჩაწერა, რომლის დამაბოლოვებელი Born To Be Wild სტუდიურთან შედარებით, გიტარ სოლოთია გამდიდრებული.  

პირველი პერიოდის დამაბოლოვებელი For Ladies Only, ამავე სახელწოდების  გამხსნელი სიმღერით გამოირჩა. აქ აშკარად შეიმჩნევა ერთი წლით ადრე ჩაწერილი  ერიკ კლაპტონის Derek And The Dominos-დან Layla-ს ზეგავლენა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმღერა როიალის ოთხწუთიან სოლოში იჭრება.

For Ladies Only-ის შემდეგ, ჯგუფი კრიზისმა მოიცვა, რაც ეპოქის დასასრულიდანაც გამომდინარეობდა. იგივე შეეხო Jefferson Airplane-სა და Quicksilver Messenger Service-ს, ხოლო რა შეემთხვეოდა ჯენის ჯოპლინსა და  The Doors-ს, ამას ვერასოდეს შევიტყობთ...

Steppenwolf -ის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად კლასიკური შემადგენლობით, 1974 წელს ჯგუფმა გადახალისებული ჟღერადობით Slow Flux ჩაწერა, სადაც ფსიქოდელიური ტენდენციები კვლავაც შეინიშნებოდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდა ახალი გიტარისტი ბობი ქოქრეინი, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა და უფრო ნათელ ტონებში წარმოაჩინა ჯგუფის ჟღერადობა, რისი ერთგვარი ნაკლიც, ალბათ, მომენტებში რიტმული და არა დეპრესიული სიმღერების მოსაწყენობაში გამოიხატებოდა. ალბომის ყველა სიმღერის ავტორი ჯონ კეი გახლდათ. ჰიპიზმი უკვე ნაკლები დოზით იყო წარმოდგენილი მომდევნო  ალბომებში Hour of the Wolf და Skullduggery, მაგრამ აქ იძალა ჰარდ როკულმა ტენდენციებმა დრამერ ჯერი ედმონტონის Hard Rock Road-სა და  ბობი ქოქრეინის Skullduggery-ში.

ვერ ვიტყვით, რომ სამწუხაროდ, ალბათ უფრო ლოგიკურად და სასახელოდ,  Steppenwolf ჰარდ-პროგ-როკ მსხვრევის დროს - 1976 წელს დაიშალა. ჯონ კეიმ 1980-ებში შეკრიბა ჯგუფი და კიდევ ოთხი ალბომი ჩაწერა. გასული საუკუნის 60-ების ტრამალიდან სცენაზე გადანაცვლებული მგელი კი დღესდღეობით  მარტო განასახიერებს Steppenwolf-ს იმ შემადგენლობიდან, რომელიც ერთხანს Born To Be Wild-ს ჰქმნიდა...