ირანში სიკვდილით დასაჯეს დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი

ირანში სიკვდილით დასაჯეს დისიდენტი ჟურნალისტი რუჰოლა ზამი

ირანში სიკვდილით დასაჯეს დისიდენტი ჟურნალისტი, ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო AmadNews-ის რედაქტორი რუჰოლა ზამი. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

რუჰოლა ზამს სასჯელის უმაღლესი ზომა მიმდინარე ზლის ივნისში მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც ის ანტისამთავრობო საქმიანობაში, „გლობალურ კორუფციასა“ და საფრანგეთის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში დამნაშავედ ცნეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 8 დეკემბერს ირანის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, რამდენიმე დღეში კი ის აღსრულდა.

ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ ორგანიზატორს და სულისჩამდგმელს უწოდებდა.

ტერმინი „გლობალური კორუფცია“ ირანში გამოიყენება ჯაშუშობისა და უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებების დროს. რუჰოლა ზამს, რომელიც პარიზში ცხოვრობდა, ოფიციალური თეირანი ფრანგული სპეცსამსახურების მარიონეტს უწოდებდა.

რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ერაყში შეიტყუეს, სადაც ირანის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ინტერვიუს ჩაწერას დაპირდნენ, შემდეგ კი გაიტაცეს და ირანში გადაიყვანეს.