„სანამ ამ ქვეყანაში ბრძოლა იქნება თავისუფლებისთვის, თითოეული ადამიანის ხმისთვის,თითოეული ადამიანის უფლებისთვის, მანამდე საქართველო ივლის წის“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებისას განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია არ შეეგუება „უსამართლობას და ტყუილს“.
„ჩვენ აქ ვდგავართ მტკიცედ იმიტომ, რომ შევასრულოთ ის მთავარი ფრაზა, რომელიც საქართველოს ჰიმნში ჩვენ დღეს ერთად გავაჟღერეთ- დიდება თავისუფლებას! სანამ ამ ქვეყანაში ბრძოლა იქნება თავისუფლებისთვის, თითოეული ადამიანის ხმისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, მანამდე საქართველო ივლის წის! მე მინდა ვისურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დადგეს ის დრო, როცა ქვეყანა არ იქნება გახლეჩილი, როცა ჩვენ ვიქნებით გაერთიანებული, როცა საერთო მიზანი და უპირველესი ამოცანა თითოეული ჩვენგანისთვის ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა იქნება, მიუხედავად იმისა ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია. მინდა ერთელ და სამუდამოდ, ყველამ ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და სწორედ დღევანდელი აქტი არის იმის დადასტურება, რომ სანამ ასეთი ტიპის პროტესტი იქნება ამ ქვეყანაში და თითოეული ადამიანის ხმას და უფლებას დაიცავს თუნდაც ერთი ადამიანი , მანამდე ეს ქვეყანა იქნება წარმატებული.
მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ბრძოლა არის წინ, არ შევეგუებით უსამართლობას და ტყუილს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა.