სასამართლო ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას 2021 წლის 1-ელ მარტს გამოაცხადებს

სასამართლო ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას 2021 წლის 1-ელ მარტს გამოაცხადებს

პარიზის სასამართლო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საქმეზე გადაწყვეტილებას 2021 წლის 1-ელ მარტს გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

სასამართლო პროცესი, რომელიც 23 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბერს დასრულდა . პროცესის ბოლო დღეს ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ „საფრანგეთის მართლმსაჯულების ობიექტურობის სჯერა“.

8 დეკემბერს საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხი წლიდან ორ წელს ბრალდების მხარე პირობითი სასჯელის სახით ითხოვს.

ნიკოლა სარკოზისა და მის ადვოკატს, ტიერი ერზოგს ბრალად ედებათ ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერის მოქრთამვის მცდელობა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზი და მისი ადვოკატი, ტიერი ერზოგი ჟილბერ აზიბერის მოქრთამვას ცდილობდნენ და ლილიან ბეტანკურის მიერ ნიკოლა სარკოზის 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის სანაცვლოდ მას მონაკოში პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობდნენ.

2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში გამომძიებლებმა ნიკოლა სარკოზის სატელეფონო საუბრების მოსმენა დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ნიკოლა სარკოზი თავის ადვოკატს სხვა სახელზე დარეგისტრირებული მობილური ტელეფონებით ესაუბრებოდა.

ნიკოლა სარკოზი უარყოფს აღნიშნულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა. ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობა 2007 წლიდან 2012 წლამდე ეკავა.