„ფასილიტატორები ალბათ გადახედავენ შექმნილ ვითარებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღით გადაიდო შეხვედრა და თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ცხადია, ეს უნდა გაგრძელდეს უკვე რაღაც ახალ მოცემულობაში“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„უაზრო შეხვედრას ყველამ არჩია, რომ ამ მოცემულობაში შეხვედრას აზრი არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ფასილიტატორები გადახედავენ შექმნილ ვითარებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე დღით გადაიდო შეხვედრა და თუ გაგრძელდება მოლაპარაკებები, ცხადია, ეს უნდა გაგრძელდეს უკვე რაღაც ახალ მოცემულობაში. ეს მოცემულობა იქნება ის, რომ ოპოზიცია სრული შემადგენლობით აპირებს მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. მეორე მხრიდან მოცემულობა არის, რომ „ქართულ ოცნებაში“, როგორც ჩანს, გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხომ გააყალბა არჩევნები და საერთოდ აღარ აპირებს ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას.
თუ ამ ახალ მოცემულობაში ჩვენი პარტნიორები შეუწყობენ ხელს რაღაც სივრცის გაჩენას, რომ კიდევ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და საუბარი, ის უნდა გაგრძელდეს ახალი პოზიციებიდან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.
ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.