კალიფორნიაში იატაკქვეშა წვეულების 158 მონაწილე დააკავეს

კალიფორნიაში იატაკქვეშა წვეულების 158 მონაწილე დააკავეს

აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 158 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 5 დეკემბერს ერთ-ერთ სახლში მოეწყო „მასობრივი იატაკქვეშა წვეულება“. მათი განცხადებით, მსგავს ღონისძიებებს „ხშირად თან ახლავს ნარკოტიკების მომხარება, არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა, პროსტიტუცია და ძალადობა“. საერთო ჯამში პოლიციამ 158 ადამიანი, მათ შორის 35 მოზარდი დააკავა.

გასულ კვირას ლოს-ანჯელესის მერმა, ერიკ გარსეტიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვი ანტირეკორდს - 10 ათასს უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.