ოპოზიციას თითო უბანზე 10-15 დამკვირვებელი ჰყავდა და რა გახდა, არჩევნების ვიდეოჩანაწერების ნახვა, - ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
გადაცემაში მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 2008 წლის არჩევნებს შეადარეს. ითქვა, რომ მაშინ პროპორციული სიით ოპოზიციამ 17 მანდატი მოიპოვა და საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. მიმდინარე წლის საპარლემენტო არჩევნებზე კი მმართველმა პარტიამ პროპორციული სიით - მხოლოდ 60 ადგილი, დანარჩენი კი ოპოზიციამ.
„მაშინ სადამკვირვებლო კამერები ყველა უბანზე იყო, მაგრამ მათი ნახვის უფლებას არავის არ აძლევდნენ. დღეს კი ჩვენ ვეხვეწებით, გახსენით, ნახეთ. მე მაშინ ვიძალადე, პირდაპირი მნიშვნელობით, გამოვიყენე ჩემი კონსტიტუციური უფლებები და იმ უბნების გახსნა, რომლებიც მე პირადად, ძლიან მაინტერესებდა და გავხსენი. აი, შედეგი, გორში ერთ-ერთ უბანზე, სადაც 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის მიცემა, ჩემი თანამშრომლები იჯდნენ და 12-ვე საათს უყურებდნენ. უბანზე ხმა მისცა 300-ზე მეტმა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 800-ზე მეტი ხმა მიღბული იმ ერთ უბანზე. მაშინ ასეთი რამდენიმე უბანი გავხსენით. დღეს ოპოზიციას ვეხვეწებით. იქნებ ნახოთ, იქნებ მართლა გაყალბებაა?! არა, არ უნდათ! რატომ არ უნდათ, იმიტომ რომ იციან, არანაირი გაყალბება არ არის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, აღნიშნული შეთავაზება „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზულად არჩათვალა, რადგან მიაჩნიათ, 3 700 უბანზე 24 საათის განმავლობაში დაკვირვებას ძალიან დიდი რესურსი სჭირდებოდა.
„რეალურად, თითო უბანზე ორი კაცი უნდა გამოეყო ოპოზიციას და ორ დღეში მთელი საქართველო იქნებოდა დათვალიერებული. არფერი განსაკუთრებული ძალა არ სჭირდება. ოპოზიციას თითო უბანზე 10-15 დამკვირვებელი ჰყავდა და რა გახდა, არჩევნების ვიდეოჩანაწერების ნახვა“, - განაცხადა სუბარმა.