მოლდოვაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა

მოლდოვაში მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა

კიშინიოვის ქუჩებში მთავრობის გადადგომისა და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით 20 ათასამდე ადამიანი გავიდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პროტესტისკენ მოსახლეობას მოლდოვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მთავარ სადაზვერვო ორგანოზე კონტროლი პრეზიდენტისგან საკანონმდებლო ორგანოსკენ გადადის.

სანდუს და მის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კანონის მიღების მიზანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდაა. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა სანდუს მოწინააღმდეგეს, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის იგორ დოდონის მომხრეებს ეკუთვნის.

„იგორ დოდონს მარცხის აღიარება არ უნდა. მისი მიზანი ქვეყანაში ქაოსის და არეულობის პროვოცირებაა, რის შედეგადაც მოლდოვა საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება“, - მიმართა სანდუმ დემონსტრანტებს.

15 ნოემბერს, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მაია სანდუმ ამომრჩეველთა ხმების 57.75% მიიღო. მოლდოვის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 დეკემბერს გაიმართება.

ამის შემდეგ მაია სანდუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.