ირანში აცხადებენ, რომ ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს

ირანში აცხადებენ, რომ ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალური წარმომადგენლის, რამაზან შარიფის განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ავტორი, ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე სატელიტური მართვის ტყვიამფრქვევით მოკლეს.

„ფახრიზადეს მკვლელობისთვის სატელიტური მართვის თანამედროვე ელექტრონული საშუალებები გამოიყენეს. ისრაელში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალი ფადავმა განაცხადა, რომ ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობა ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის სისტემის საშუალებით განხორციელდა.

„ტყვიამფრქვევი მხოლოდ ფახრიზადეზე იყო მიმართული და ზუმის კამერისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით იმართებოდა. მოწინააღმდეგე ადგილზე არ იმყოფებოდა. ტყვიამფრქვევი რეალურ დროში სატელიტიტის მეშვეობით იმართებოდა“, - დასძინა ალი ფადავმა.

27 ნოემბერს თეირანის მახლობლად მოკლეს ირანელი ფიზიკოსი მოჰსენ ფახრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელად მიიჩნევა.

დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები ფახრიზადეს განიხილავდნენ როგორც პირს, რომელიც ირანის ბირთვული შეიარაღების საიდუმლო პროგრამის უკან იდგა. 2018 წელს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოჰსენ ფახრიზადე, ფიზიკის პროფესორი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცერი, ბირთვული იარაღის პროექტის დირექტორად მოიხსენია.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ სერიოზული მინიშნებები არსებობს იმის თაობაზე, რომ ისრაელს ირანელი ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობასთან კავშირი აქვს.