ზაალ უდუმაშვილი: პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

ზაალ უდუმაშვილი: პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, „ნაცმოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ გამართულ პოლიტსაბჭოზე, ყველამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

როგორც უდუმაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტიის წევრების პოზიცია ერთიანია.

„დღეს შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო, რომელმაც ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ თუ არ იქნება დაკმაყოფილებული ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭომ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია დღეს ფასილიტატორ ელჩებთან კონკრეტული წინადადებით მივა.

„რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, ჩვენ მივალთ კონკრეტული წინადადებებით. აქედან მთავარი არის ახალი არჩევნები ქვეყანაში, თუმცა რაღაც კომპონენტები დაემატა ჩვენს წინადადებებს, წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ვიდრე არ დასრულდება შეხვედრა და ეს იქნება ჩვენი წინადადება, რომელიც უნდა გადაეცეს ხელისუფლებას. შემდეგ დაველოდებთ ხელისუფლების პასუხს. დღეს არის უმძიმესი სიტუაცია და რაც დღეები გადის, უფრო მძიმდება სიტუაცია ყველა მიმართულებით. თუ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება, არსებობს რეალური შანსი, რომ პოლიტიკური კრიზისი მოვხსნათ დღის წესრიგიდან და ყველამ ერთად დავიწყოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ოპოზიცია დღეს დიპლომატებს შეხვდება და იმ წინადადებებს გააცნობს, რომელთა შესახებაც გუშინ „ლელოს“ ოფისში შეთანხმდნენ. სამსაათიანი დახურული კონსულტაციების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, ნაწილი კი დაზუსტდა.

კანონმდებლები კი საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგენენ. ამ ერთ კვირაში უნდა გადაწყდეს, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ჯერ კიდევ უცნობია.